რა სამართლებრივ გზებს მიმართავს “თიბისი”-ს აქციონერი ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან 40 მილიონი დოლარის არანაზღაურების შემთხვევაში

თუ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე “თიბისი ბანკის” აქციონერებისთვის მიყენებულ $40–მილიონიან ზარალს არ აანაზღაურებენ, ბრიტანელი აქციონერი, იან მილქოლმ ჰოქი აპირებს, სასამართლოს მიმართონ. თუმცა, მისი ინტერესების დამცველი, დიმიტრი ტორაძე იმედს გამოთქვამს, რომ “თიბისი ბანკის” დღევანდელი მენეჯმენტი უზრუნველყოფს უკანონოდ გატანილი ფულის დაბრუნებას.

„იმედი მაქვს, ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობა ოპერატიულად გამოეხმაურება ჩემს მიმართვას, დაიცავს ბანკისა და მისი აქციონერების შელახულ ინტერესებს და აანაზღაურებინებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს “თიბისი ბანკისთვის” მიყენებულ, 40 მილიონი დოლარის ზარალს, რაც საუკეთესო პირობა იქნება მომავალში ასეთი პრეცედენტების გამოსარიცხად“, – განაცხადა იურისტმა დიმიტრი ტორაძემ.

ადვოკატის თქმით, „აქციების შეძენით ჩემმა მარწმუნებელმა და მისმა მეგობრებმა თავისი დანაზოგი ანდეს ,,თიბისი ბანკს,, და იმედოვნებენ, რომ არ შემცდარან არჩევანში. მას იმედი აქვს, რომ ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს აქციონერ მამუკა ხაზარაძისა და აქციონერ ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული ფულის უკან დაბრუნება და მათი არალეგალური სქემებიდან ბანკისთვის და მისი აქციონერებისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება“, ადვოკატი ბადრი ჯაფარიძის ბოლოდროინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თიბისი ბანკის ბრიტანელი აქციონერისთვის იან მალქოლმ ჰოქისთვის, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან ბანკის აქციონერებისთვის მიყენებული $40–მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, გაუგებარია ჯაფარიძის განცხადება – „ვეძებ ასეთ აქციონერს და დავარწმუნებ მას, რომ საგანგაშო არაფერია“. ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა” და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან” სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი.

იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი. 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს” სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული.

ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა” სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე. მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან. კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები