რა სცენარით შეიძლება, იმოქმედოს უკრაინაში რუსეთმა – ბლინკენი გაერო-ში სიტყვით გამოვიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გაერო-ს უშიშროების საბჭოში უკრაინის საკითხზე სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის ფარგლებს სცდება, ეს შეეხება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, ასევე, გაერო-ს ქარტიის საფუძვლებს და კანონის უზენაესობის საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელს მსოფლიოში.

“ეს კრიზისი პირდაპირ აისახება ამ საბჭოს ყველა წევრსა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე. იმის გამო, რომ ძირითად პრინციპებს, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბდა ორი მსოფლიო ომისა და “ცივი ომის” შემდეგ, საფრთხე ემუქრება”,  – თქვა მან.

დიპლომატმა ისაუბრა უკრაინაში ვითარების შესაძლო განვითარებაზე.

“ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ აი, რა ელოდება მსოფლიოს დღეს, როდესაც რუსეთი დგამს ნაბიჯებს ომისკენ და კიდევ ერთხელ ადასტურებს სამხედრო მოქმედების საფრთხეს. პირველ ყოვლისა, რუსეთი გეგმავს თავდასხმისთვის საბაბის შექმნას. ეს შეიძლება, იყოს ძალადობრივი ქმედებები, რომლებზეც პასუხისმგებლობას რუსეთი უკრაინას დააკისრებს, ან აღმაშფოთებელი ბრალდებები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის მთავრობას წაუყენებს.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ფორმას მიიღებს ეს. შესაძლოა, ეს იყოს შეთითხნილი აფეთქება – რუსეთის ტერიტორიაზე, თითქოს, „ტერორისტების“ მიერ განხორციელებული; მასობრივი საფლავის ფიქტიური აღმოჩენა; მშვიდობიან მოსახლეობაზე დადგმული დრონებით თავდასხმა ან ყალბი, თუ, შესაძლოა, რეალური თავდასხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით.

რუსეთს შეუძლია, ყველა ეს მოვლენა დაახასიათოს, როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსულმა მედიამ უკვე დაიწყო ამ ცრუ განგაშის ზოგიერთი პრეტენზიის გავრცელება, რომ მაქსიმალურად გაზარდოს საზოგადოების აღშფოთება და საფუძველი ჩაუყაროს ომის გამოგონილ გამართლებას. დღეს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად რუსულ მედიაში ეს ხმები უფრო გამძაფრდა.

მეორეც, ამ შეთითხნილი პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის ხელმძღვანელობის უმაღლეს საფეხურებს შეუძლიათ, თეატრალურად მოიწვიონ საგანგებო შეხვედრები ე.წ. კრიზისის მოსაგვარებლად. ხელმძღვანელობა გამოაქვეყნებს პროკლამაციებს, სადაც გამოაცხადებს, რომ რუსეთმა უნდა უპასუხოს უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების ან ეთნიკური რუსების დაცვას.

შემდეგი ნაბიჯი არის თავდასხმის დაწყება. რუსული რაკეტები და ბომბები უკრაინას დაეცემა. კომუნიკაცია დაიბლოკება. კიბერშეტევები უკრაინის ძირითადი ინსტიტუტების დახურვას გამოიწვევს. ამის შემდეგ, რუსი ტანკები და ჯარისკაცები თავს ესხმიან საკვანძო სამიზნეებს, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია და განსაზღვრულია დეტალური გეგმები.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიზნები მოიცავს კიევს, ქალაქს, სადაც 2.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩვეულებრივი დარტყმები არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებასაც გეგმავს რუსეთი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის სამიზნე უკრაინელების გარკვეული, კონკრეტული ჯგუფები იქნებიან.

ჩვენ გავაფრთხილეთ უკრაინის მთავრობა ყველაფერზე, რაც არის მოსალოდნელი და დღეს ჩვენ ამაზე დეტალურად ვსაუბრობთ იმ იმედით, რომ მსოფლიოსთვის გაზიარებით, ჩვენ შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ ის გადავიდეს ომის გზიდან და აირჩიოს სხვა გზა, სანამ ჯერ კიდევ დროა.

მახსოვს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი ინფორმაცია და წინა შემთხვევები გაიხსენეს, როდესაც ინფორმაცია საბოლოოდ არ დადასტურდა. მაგრამ, ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო: მე დღეს აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ მის თავიდან ასაცილებლად ვარ. ინფორმაცია, რომელიც მე აქ წარმოვადგინე, დასტურდება იმით, რასაც ჩვენ ვხედავდით თვეების განმავლობაში თვალწინ.  გაიხსენეთ: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არაერთხელ დასცინოდა ჩვენს გაფრთხილებებს და წუხილს, ის სტაბილურად ზრდიდა ჯარის რაოდენობას საზღვართან, მოახდინა 150 000-ზე მეტი ჯარისკაცის კონცენტრირება, ისევე – როგორც საშუალებების მასიური სამხედრო შეჭრისთვის”, – თქვა ენტონი ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები