ირაკლი კობახიძე: სტრატეგიულ პარტნიორებს პატივს ვცემთ, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ სამართლიანი და არასამართლიანი განცხადებები
ყველა შემთხვევაში, პატივს ვცემთ სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ სამართლიანი და არასამართლიანი, ობიექტური და არაობიექტური განცხადებები, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რამდენიმე დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე კარლ ჰარცელის განცხადებას.
მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით უმრავლესობამ გადაწყვეტილება კონკრეტული არგუმენტებით მიიღო და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა არასამართლიანია.
„გარკვეული გადაწყვეტილება კონკრეტული არგუმენტებით მივიღეთ და ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა არის არაობიექტურიც და არასამართლიანიც. ყველა შემთხვევაში, პატივს ვცემთ სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ სამართლიანი და არასამართლიანი, ობიექტური და არაობიექტური განცხადებები. თუ ვფიქრობთ, რომ კრიტიკა არის არაობიექტური და არასამართლიანი, ჩვენ ჩვენი არგუმენტები უნდა დავუპირისპიროთ. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. მისივე თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის.