ბელგიელ პარლამენტარებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ბელგიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა ბელგიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. ჯგუფს ხელმძღვანელობს სენატორი მარკ დემესმაეკერი.

შეხვედრისას, მინისტრის მოადგილემ და ბელგიელმა კანონმდებლებმა კმაყოფილება გამოხატეს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გამო. აღინიშნა, რომ აუცილებელია ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, როგორც თავად მეგობრობის ჯგუფებს, ისე დარგობრივ კომიტეტებს შორის ვიზიტების ურთიერთგაცვლის გზით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევებზე, უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებასა და მის გავლენებზე საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასა და მშვიდობაზე. ამასთან, მინისტრის მოადგილემ დეტალურად გააცნო ბელგიელ კანონმდებლებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. მან მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ბელგიელი მონიტორების მონაწილეობის გამო.

ბელგიელმა კანონმდებლებმა დაადასტურეს ბელგიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები