ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუციები მიიღო
16 თებერვალს ევროპარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციები მიიღო.
პარლამენტის ინფორმაციით, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია მომზადებულია ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის, ხოლო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ნატალი ლუაზოს მიერ.
რეზოლუციებზე მუშაობის პროცესში ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობდა ევროპარლამენტის წევრებთან საქართველოს ინტერესების სათანადოდ ასახვის მიზნით. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის ნებისადმი და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებების სრულად განხორციელების აუცილებლობაზე მიუთითებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, 2021 წლის ივნისში წარდგენილი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დახმარებით, კოვიდ-19-ის პანდემიისგან სოციალური და ეკონომიკური აღდგენა, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და სავაჭრო გზების დამყარება უზრუნველყონ.
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საფრთხეების ფონზე აუცილებელია რეგიონში ევროკავშირისა და ნატო-ს ფიზიკური ყოფნა და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირების კონტექსტში. ევროპარლამენტი ყურადღებას ამახვილებს სამი ასოცირებული პარტნიორის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის – ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) დაახლოებაზე და მხარს უჭერს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში (CSDP) მათი თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის „მუდმივ სტრუქტურირებულ თანამშრომლობაში” (PESCO) მონაწილეობის გზით.
ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და შეახსენებს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებსა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც „ეფექტური კონტროლის” განმახორციელებელ ძალას, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)”.
ევროპარლამენტი გმობს საოკუპაციო ძალების პროვოკაციებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მკვლელობებს, უკანონო დაკავებებსა და მუდმივ „ბორდერიზაციას”. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით, მათ შორის სანქციების დაწესების თვალსაზრისით, ერთი ხმით საუბრისკენ; რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არსებითი ცვლილება შეუძლებელია, სანამ ის აგრესიულ პოლიტიკას ატარებს ევროკავშირისა და მისი მეზობლების მიმართ; ევროპარლამენტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, კოპენჰაგენის ყველა კრიტერიუმისა და დემოკრატიის პრინციპების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის პირობით.
შესაბამისად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და ასევე, შიდა რეფორმების განხორციელების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის საზღვრებთან და სამეზობლოში, მათ შორის კავკასიაში, ვითარების არასტაბილურობა და არაპროგნოზირებადობა, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან ერთად, კონტინენტის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ და ირიბ საფრთხეს წარმოადგენს და სამეზობლოში აქტიური ჩართულობა ევროკავშირის ინტერესებშია.
ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი ცნობს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის წვლილს CSDP-ის მისიებსა და ოპერაციებში და მხარს უჭერს ამ ფასეულ პარტნიორებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას; კერძოდ, მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას CSDP-ის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) საქმიანობას დადებითად აფასებს.
ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ და მისი მონიტორინგის, ანალიზისა და სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, უზრუნველყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების განზომილების „სტრატეგიულ კომპასში” სათანადოდ ასახვა და განიხილოს უსაფრთხოების, სამხედრო, დაზვერვისა და კიბერ თანამშრომლობის სფეროში გაზრდილი ინვესტიციებისა და დახმარების გამოყოფა ასოცირებული ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის, მათი მედეგობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.
ევროპარლამენტი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონფლიქტების დარეგულირების კუთხით ევროკავშირის გაზრდილ აქტიურობას, ასევე დაინტერესებული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართვას „ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სრულყოფის ცენტრის” საქმიანობაში. იხილეთ რეზოლუციების სრული ტექსტი: LINK 1 https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-2022-0039_EN.pdf LINK 2 https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-2022-0040_EN.pdf