“ომის საფრთხე პუტინის მთავარ პოლიტიკურ იარაღად იქცა” – ესტონეთის დაზვერვის მონაცემით, რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაზე წერტილოვანი დარტყმები მიიტანოს

ესტონეთის საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ცნობით, რუსეთი აგრძელებს ჯარების გადაყვანას უკრაინის საზღვრებზე და შეუძლია, წერტილოვანი დარტყმები მიიტანოს, რის შედეგად დაიკავებს “საკვანძო ტერიტორიებს”, მაგრამ სრულმასშტაბიანი ოკუპაცია ნაკლებად სავარაუდოა.

„ჩვენი შეფასებით, ისინი თავს არიდებენ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს, რადგან მათ გასაკონტროლებლად დიდი რაოდენობით ჯარი იქნება საჭირო“, – განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა, მიკ მარანმა.

მისი თქმით, „მოხსენება მიუთითებს რუსეთის დაზვერვის სამსახურების მიერ შეთავაზებულ უკრაინულ სამიზნეებზე“.

საუბარია ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომელთა განადგურებამ „შეიძლება, ხელი შეუშალოს შეიარაღებული ძალების მართვას, აღდგენასა და მათ მომარაგებას, ასევე, უკრაინის ენერგომომარაგებას“.

გარდა ამისა, ესტონეთის დაზვერვის მონაცემებით, საომარი მოქმედებები შესაძლოა, გაძლიერდეს თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიებზე.

ასეთი ესკალაცია „ძალიან სავარაუდოა“, რადგან ეს საშუალებას მისცემს რუსეთს, უარყოს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, რაც მას საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს დასავლეთის სანქციები.

მარანის თქმით, თუ რუსეთის აგრესია უკრაინაში წარმატებული იქნება, კრემლმა შესაძლოა, გაზარდოს ზეწოლა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, მომდევნო წლებში, “ომის საფრთხე პუტინის მთავარ პოლიტიკურ იარაღად იქცა”.

მიუხედავად იმისა, რომ 15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან, ასევე, ანექსირებული ყირიმიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს, არც ნატო-ში და არც აშშ-ში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

პირიქით, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებით 7 ათასი ჯარისკაცი გადაისროლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები