მამუკა მდინარაძე: ბადრი ჯაფარიძის დაყენება „ქართული ოცნების“ კანდიდატის კონკურენტად მათთვის პრაგმატულადაც კი ძალიან წამგებიანია

ბადრი ჯაფარიძის დაყენება „ქართული ოცნების“ კანდიდატის კონკურენტად მათთვის პრაგმატულადაც კი ძალიან წამგებიანია, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი დამნაშავედ იყო ცნობილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯაფარიძის პარტია „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია და შესაძლოა, გარკვეული ელექტორატი ამის გამო „ნაცმოძრაობას“ მოაკლდეს.

“ყველა შემთხვევაში, ბადრი ჯაფარიძის დაყენება „ქართული ოცნების“ კანდიდატის კონკურენტად მათთვის პრაგმატულადაც კი ძალიან წამგებიანია, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი დამნაშავედ იყო ცნობილი და ამის შემდეგ გარდაბნელებსა და რუსთაველებს ის კანდიდატად შესთავაზეს. მათ რამდენი დამნაშავე კანდიდატი უნდა შესთავაზონ?! გახსოვთ, ხომ, რამდენ რაიონში დააყენეს მათ დამნაშავე კანდიდატები. ჩვენი შეფასებით კი არა, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დამნაშავედ ცნობილ პირებს ასე პერმანენტულად კანდიდატებად აყენებენ ხოლმე, რითაც სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებენ იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ამომრჩეველსა და საზოგადოებას, სადაც ეს ადამიანები მათი მხრიდან კანდიდატებად დგებიან ხოლმე.
ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ერთადერთი თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს გიორგით წოდებული გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის, რადგან როგორმე მეორე ტურში გადაიყვანოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი. ამ შემთხვევაში შესაძლოა, ეს ამბავი უფრო საინტერესო გახდეს. მათი მხრიდან „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი პოლიტიკა ძალიან გაშიშვლდა. გულწრფელად გეუბნებით, ის 2-3%, რომელიც გახარიას ანგარიშზეა დარჩენილი, მისი ელექტორალური მხარდაჭერა შეიძლება, იყოს ცოტა უხერხულობა ჩვენთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები