ნიკოლოზ სამხარაძემ ლიეტუველ კოლეგასთან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან, ლაიმა ანდრიკიენესთან გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს და ლიეტუვას შორის არსებული ურთიერთობები, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. ისაუბრეს საქართველოს და ლიეტუვას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.
ნიკოლოზ სამხარაძემ ლიეტუველ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ის პოლიტიკა გააცნო, რომელიც ოკუპაციიდან უკვე ანექსიის პოლიტიკაში გადადის. შეხვედრისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა პარლამენტის რეფორმების დღის წესრიგზე. ლიეტუვას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით ვილნიუსში მიიწვია.