ავარიის მიზეზების დადგენის პროცესში სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართულნი
საქართველოს ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის სულხან ზუმბურიძის განცხადებით, საქართველოს ელექტროსისტემაში წუხელ მომხდარი ავარიის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკური დაზიანება გახდა, თუმცა საჭიროა ყველა ეჭვის გამორიცხვა. მისი თქმით, ავარიის მიზეზების დადგენის პროცესში სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართულნი.
“ჩვენ ყველა ეჭვი უნდა გამოვრიცხოთ და ამისთვის ავარიის მიზეზის დადგენის პროცესში ჩართული გვყავს სამართალდამცავი ორგანოები. პირველადი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტექნიკური დაზიანება იყო, თუმცა იმისთვის, რომ ყველა ეჭვი იყოს გამორიცხული, გამოძიება უნდა ჩატარდეს თავიდან ბოლომდე. ამისთვის ჩვენ მზად ვართ”, – განაცხადა ზუმბურიძემ. საქართველოს ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, 3 დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზიდან უკვე აღდგა “კოლხიდა”, ცოტა ხნის წინ კი ენერგიის მოწოდება განახლდა “პალიასტომი 1”-დანაც. მისვე თქმით, დაზიანების კერა ნაპოვნია და “იმერეთის” აღდგენას რამდენიმე საათში ელოდებიან.