მიხეილ ყაველაშვილი: დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გიული ალასანიას ქონების წარმომავლობის დასადგენად
გიული ალასანია ამბობს, 135 მილიონის ქონება მემკვიდრეობით მერგოო, რაც ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. იგი „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელშიც პატიმარ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ქონების შესახებ იყო საუბარი.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, 135-მილიონიანი ქონება კითხვებს ბადებს და აუცილებელია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გამოიძიონ, როგორ გამდიდრდა სააკაშვილის დედა.
“ცილს გვწამებენ, ჩვენ გამდიდრებაზე საუბრობენ და თავად კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები. საიდან აქვს სააკაშვილის დედას ეს უზარმაზარი ქონება? ეს კითხვები არის საზოგადოებაში, პირადად მეც მაქვს კითხვა, როგორ დააგროვა და როგორ გადაეცა მას სხვადასხვა ფართი, შენობა და ასე შემდეგ. მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გიული ალასანიას მილიონობით ქონების წარმომავლობის დასადგენად“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.