“საუბარი მუნჯსა და ყრუს შორის” – ლავროვმა ბრიტანელ კოლეგასთან საუბარი შეაფასა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან საუბარი მუნჯსა და ყრუ ადამიანების საუბარს შეადარა.
ამის შესახებ მან ტრასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იმედგაცრუებული ვარ, მუნჯსა და ყრუს შორის საუბარი გამოგვდის. თითქოს ვუსმენთ, მაგრამ არ გვესმის“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, კოლეგასთან საუბარი ნატო-ცენტრიზმით იყო გაჟღენთილი.
თავის მხრივ, ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ “ფაქტები თავად საუბრობენ. ჩვენ ვხედავთ ჯარებისა და იარაღის დაგროვებას უკრაინის საზღვართან. ჩვენ ასევე ვხედავთ კიბერომის და სხვა სახის ჰიბრიდული ომის წარმოების მცდელობებს უკრაინის დემოკრატიის შერყევის მიზნით. მაგრამ დღეს მოსკოვში ვარ, რათა ვთქვა: რუსეთს აქვს მკაფიო არჩევანი. მათ შეუძლიათ, წინ წავიდნენ დიპლომატიის გზაზე, იმუშაონ ნატო-სთან ევროპის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ან გააგრძელონ გზა, რომელიც დასახეს ჯარების დაგროვებით“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მისი თქმით, ასეთი ქმედებები მხოლოდ აძლიერებს ნატო-ს და კიდევ უფრო აშორებს უკრაინელ ხალხს რუსეთს.
„თუ შეჭრა მოხდება, უკრაინელი ხალხი იბრძოლებს, ეს იქნება გრძელვადიანი კონფლიქტი. ბრიტანეთი და მოკავშირეები დააწესებენ მკაცრ სანქციებს ფიზიკური პირებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ არ “ჩრდილოეთ ნაკადი-2″ არ იმუშავებს”, – ხაზგასმით აღნიშნა ტრასმა.