საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ რამაზანის თვის დასრულება და რამაზან-ბაირამის დადგომა წინასწარ მიულოცა. როგორც პრემიერმა საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში რელიგიური შემწყნარებლობა და ტოლერანტობა იყოს სამაგალითო.
“დასრულდა რამაზანის თვე. მე ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს წმინდა თვე თითოეული მუსლიმანისთვის. ვიცი, რომ ამ დროს თქვენ განსაკუთრებული მონდომებით ასრულებთ ღვთისმსახურებებს, ეხმარებით უმწეოებს, ავადმყოფებს, ობლებს, და ეს ძალიან დიდი მადლია. ჩვენ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, და სწორედ ეს განსხვავებულობაა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. ამის გარეშე საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. ჩვენი ცხოვრება ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, რადგან ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხართ, არამედ თქვენ ხართ ხიდი ისლამურ სამყაროსთან, რაც გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობა, ტოლერანტობა იყოს სამაგალითო. ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ემსახურება საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და შემწყნარებლობის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების აღიარებას, მის პატივისცემას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=U98VVypV6DI#t=301″ width=”560″ height=”315″]