სან-ფრანცისკოში პრინცი ენდრიუ რომანოვი, ვაშინგტონში კი გრაფი სერგეი ტოლსტოი ზედიზედ გარდაიცვალნენ

ფართო საზოგადოებრიობა ამ ორი ადამიანის შესახებ ალბათ ვერაფერს შეიტყობდა, რომ არა მათი გარდაცვალება. მათი სახელები ერთხელ და ისიც ნეკროლოგით გახდა ცნობილი. მათ, გარდა იმისა, რომ არისტოკრატული წარმოშობა ჰქონდათ, თავი დიდად არაფრით გამოუჩენიათ. ისე კი იოლი როდია, მთელი ცხოვრება წინაპრის ჩრდილქვეშ იცხოვრო, გამოჩენილი ადამიანების მემკვიდრეობა ხომ ბევრისთვის ქცეულა დიდ ტვირთად და ბორკილად.
ენდრიუ რომანოვი (1923–2021) 98 წლის ასაკში გარდაიცვალა, სერგეი ტოლსტოი (1922–2022) კი – 99 წლის იყო. პირველი რუსეთის სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო და მეორე კი – გენიალური მწერლის შვილთაშვილი.
მართლაცდა, რა უცნაური რამ არის ცხოვრება? ვინ წარმოიდგენდა, რომ ლევ ტოლსტოის შთამომავალი სიღარიბესა და უსახლკაროთა თავშესაფარში დაასრულებდა თავის სიცოცხლეს?! მან ევროპასა და ამერიკაში გაატარა მთელი ცხოვრება. უყვარდა დოღი და ცხენებზე ფსონის დადება. ამ გატაცებამ გააღატაკა კიდეც. მას ოჯახი არ შეუქმნია და არც მემკვიდრე დარჩენია.

ანდრეი რომანოვს სამი ცოლი ჰყავდა და მათგან სამი შვილიც დარჩა. ოღონდ მესამე ცოლს თან თავისი ოთხი შვილი მოჰყვა და ისინიც შვილებად მიიღო პრინცმა. პრინცი ენდრიუ დიდ ბრიტანეთში დაიბადა და მერე ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. პენსიაზე გასვლის მერე წიგნიც დაწერა სახელწოდებით: „ბიჭი, რომელიც შეიძლება მეფე გამხდარიყო”, მისდევდა მებაღეობასაც, სიცოცხლის ბოლოს კი ხატვა დაიწყო და გამოფენებსაც აწყობდა.
ისე ჩამოილია ორივეს ცხოვრება, რომ მათ თითქმის არავინ იცნობდა, არც ამერიკაში და არც ისტორიულ სამშობლოში. მართლაც არაფრით დაუტოვებიათ განსაკუთრებული კვალი, მაგრამ მათ სახსოვრად ნამდვილად დარჩება თითო ძალიან საგულისხმო ფრაზა.
სერგეი ტოლსტოი: „მეუბნებიან, ამდენ ხანს იმიტომ გასძელი, არისტოკრატის ცისფერი სისხლი რომ ჩქეფს შენს ძარღვებშიო, მგონი, მეც დავიჯერე, მაგრამ ვისინჯავ და წითელიაო!”
ენდრიუ რომანოვი: „დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩემთვის იმდენად ძვირფასია, რომ სამეფო ტახტსა და გვირგვინზეც არ გავცვლიდიო!”.
რუსული არისტოკრატიის ორი წარმომადგენლის ცხოვრება ასე უხმაუროდ დასრულდა ამერიკაში. რუსეთს არავითარი ყურადღება არ გამოუჩენია მათ მიმართ. არც კი შეუმჩნევია. თუმცა, ვინ იცის, შეიძლება დადგეს ჟამი და ისინი პატივითაც კი გადაასვენონ სანქტ-პეტერბურგსა და იასნაია პოლიანაში?! უკან მიდევნებული ლამპარივით კი გამოვა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მადლიანი საქმე იქნება… გალაკტიონისა არ იყოს: ის უცხო მხარეს გარდაიცვალა და გახელილი დარჩა თვალებიო… გახელილი თვალები ხომ მუდამ სამშობლოს ნატრულია და საბოლოოდ მის წიაღში დავანება დიდი ნუგეში და სულის ნეტარებაა!
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან