რა სიმპტომები ახასიათებს “ომიკრონს” ბავშვებში – მაია ჩხაიძის განმარტება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის “ომიკრონ” შტამი ბავშვებში განსაკუთრებით გადამდებია, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, მძიმედ არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, “ომიკრონს”, “დელტა” შტამისგან განსხვავებით, ფილტვების დაზიანება არ ახასიათებს.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ბავშვებში “ომიკრონისათვის” დამახასიათებელ სიმპტომებზეც ისაუბრა.

“ომიკრონი,, ბავშვებში შემოიფარგლება ცხვირის გაჭედვით, სურდოთი, ყელის ტკივილით და მაღალი ტემპერატურით. როგორც წესი, ბავშვებს მესამე დღეს აღარ აქვთ ტემპერატურა და თავს კარგად გრძნობენ. გარდა იმისა, რომ აქვთ მაღალი ცხელება, შესაძლოა, ღებინების მომენტიც ჰქონდეთ, რადგან ახალ “ომიკრონთან” ძალიან ხშირად გამოჩნდა, რომ აქვთ ღებინება”, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, აუცილებელია, რომ ღებინების დროს ბავშვმა დიდი რაოდენობით სითხე მიიღოს.

“თუ ბავშვს ღებინება აქვს და სითხეს საერთოდ ვერ იღებს, მთავარია არა მარტო სიცხის დაკლება, არამედ – ორგანიზმის სითხით უზრუნველყოფა. ამისთვის, ბავშვს უნდა დავალევინოთ ელექტროლიტების ხსნარი და წყალი. თუ ამას ვერ ვახერხებთ და შეუპოვარი ღებინება აქვს, ჯობს, რომ ბავშვი ბინის პირობებში არ გავაჩეროთ. ჰოსპიტალიზაციის პირობები ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი და მითითებულია, რომ წლამდე ასაკის ბავშვები უმჯობესია კლინიკაში გადავიდნენ, რადგან შესაძლოა, გაუწყლოების მომენტი ჩქარა დადგეს”, – აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, “ომიკრონის” შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურა სწრაფად არ იწევს და სიცხის დამწევ მედიკამენტებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 6 საათი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები