ცესკომ კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა დანერგა
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენა შეეძლებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცესკომ შექმნა სპეციალური, კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა, რომელიც როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებს, ცესკოს საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს ამ სერვისით აქტიურად ისარგებლონ, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცედურებს როგორც დაინტერესებული პირებისთვის, ისე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის.
„ცესკო ახალი ელექტრონული სერვისებით აგრძელებს განვითარებას საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით და ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დახვეწას. ახალი პლატფორმა იხილეთ ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge).
პროგრამაზე მუშაობდა ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან ერთად და მათ მოკლე ვადებში შეძლეს ამ სერვისის უზრუნველყოფა. პლატფორმა მოცემული დროისთვის მუშაობს საპილოტე რეჟიმში. ეს სერვისი საარჩევნო ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას დეტალურად და ოპერატიულად დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები კონკურსანტებთან მიმართებაში. აღნიშნული კი ცესკოს საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად დახვეწაში და საზოგადოების დროულად ინფორმირებაში დაეხმარება.
აქვე გაცნობებთ, რომ პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა.
კონკურსი №20 რუსთავის, №21 გარდაბნისა და №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებმა დღეს გამართულ სხდომებზე გამოაცხადეს. შუალედური არჩევნებისთვის სულ 131 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება, მათ შორის 117 რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 14 ბათუმში.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 7-დან 10 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ახალი პლატფორმის გამოყენებით, ან ელექტრონულ მისამართებზე (20_rustavi@cec.gov.ge; 21_gardabani@cec.gov.ge; 79_batumi@cec.gov.ge.) ან/და მატერიალური სახით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ამასთან, საოლქო კომისიებში და ცესკოს ვებგვერდზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის ხელმისაწვდომია განცხადების სარეკომენდაციო ფორმა.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების შერჩევას და პროცესის ეფექტიანობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.