მაკრონი დღეს მოსკოვში ჩადის – პუტინთან შეხვედრამდე, მას ბაიდენმა დაურეკა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს მოსკოვში რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, მისი რუსეთში ვიზიტის მიზანი უკრაინის ირგვლივ სიტუაციის ესკალაციისა და გაუარესების თავიდან აცილებაა.

კრემლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტები, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია პუტინის და მაკრონის შემაჯამებელი პრესკონფერენცია.

მოლაპარაკებები შედგება შუადღისას და საღამოს საათებში, მაგრამ დროის ლიმიტები დადგენილი არ არის. ორი ქვეყნის ლიდერები ტეტ-ა-ტეტ შეხვდებიან, მოლაპარაკებებს მხოლოდ თარჯიმნები და შეხვედრის ოქმის შემნახველი პირები დაესწრებიან.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთში გამგზავრებამდე მაკრონს აშშ-ის ლიდერმა, ჯოზეფ ბაიდენმა დაურეკა

პრეზიდენტებმა განიხილეს დიპლომატიური ძალისხმევა და შეკავების ზომები უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გაძლიერების საპასუხოდ და დაადასტურეს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ბაიდენი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები დარჩებიან ერთმანეთთან კავშირზე და გააგრძელებენ კონსულტაციებს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, მათ შორის, უკრაინასთანაც.

8 თებერვალს მაკრონი კიევს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები