კანადაში, კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებული აქციების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადის დედაქალაქ ოტავაში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა, კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებენ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.

ქალაქის მერი, ჯიმ უოტსონი მიიჩნევს, რომ სიტუაცია უკონტროლოა.

ოტავაში ორ კვირაზე მეტია, კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები არ ცხრება.

როგორც CBC-ის ეთერში პოლიციის უფროსმა, პიტერ სლოლიმ განაცხადა, დემონსტრაციის დასასრულებლად ძალოვანებს ძალა არ ყოფნით.

მედიის ინფორმაციით, სიტუაციის მოგვარებაში 500-მდე ოფიცერი იყო ჩართული. მათ დასახმარებლად კანადის სხვა სამართალდამცავი ორგანოების ასობით თანამშრომელი გაგზავნეს.

ოტავას პოლიციის სამსახურის საბჭოს თავმჯდომარემ, დაიან დინსმა თქვა, რომ მომიტინგეები საფრთხეს უქმნიან კანადის დემოკრატიას.

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არ არის მხოლოდ ოტავას პრობლემა. ეს არის სახალხო აჯანყება. ეს სიგიჟეა“, – თქვა მან.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება “ასახავს სერიოზულ საფრთხეს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიმდინარე დემონსტრაციების გამო”.

კანადაში სატვირთო მანქანების მძღოლებისა და მათი მხარდამჭერი ადგილობრივების მასშტაბური აქციები 29 იანვრიდან გრძელდება. აქციის მონაწილეები საკარანტინო ზომებს აპროტესტებენ. პროტესტებმა ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ, უსაფრთხოების მიზნით, პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ოტავას რეზიდენციის დატოვება მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები