პაატა ჟორჟოლიანი: პანდემიის დაწყებიდან 11 ათასამდე ორსული დაინფიცირდა, მომავალ მშობიარეებს მოვუწოდებ – აიცრან
ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანლის, პაატა ჟორჟოლიანის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა 11 ათასამდეა. ჟორჟოლიანი ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აცრა არც ნაყოფზე და არც დედაზე უარყოფითად არ მოქმედებს.
“პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა დაახლოებით 11 ათასს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ლეტალობა დაბალია, ყველა ორსულს და მომავალ მშობიარეს მოვუწოდებ, რომ აიცრან. ასევე, ჩემს ყველა კოლეგას მივმართავ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გაუწიონ პროპაგანდა იმას, რომ ორსულები ვაქცინირებულები იყვნენ. ჩვენი გადარჩენის გზა არის ერთადერთი – ეს არის ვაქცინაცია.
მესამე ტრიმესტრში მოსალოდნელია, როგორც ნაყოფს, ასევე დედას პრობლემები შეექმნას. კორონავირუსს გართულებები ახლავს ორსულებში, ნაყოფის ზრდის შეფერხებისა და განვითარების თვალსაზრისით, ასევე დიაბეტით დაავადებულ ორსულებში ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და რისკიც იზრდება.
ვაქცინირებულ დედებში ანტისხეულები ნაყოფს დაბადებისთანავე შეიძლება ჰქონდეს. ეს აძლიერებს ნაყოფისა და დედის წინააღმდეგობის გაწევის უნარს. თუ ვინმე საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, ვფიქრობ, ეს დანაშაულია. ომს რომ შევადაროთ, ეს იმას ნიშნავს ჯარისკაცს ვუთხრათ, იარაღის გარეშე იბრძოლოს“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.