მაკრონი რუსეთსა და უკრაინას ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 7 თებერვალს რუსეთში გაემგზავრება, ხოლო 8 თებერვალს უკრაინას ეწვევა.

ამის შესახებ Agence France-Presse ელისეის სასახლეზე დაყრდნობით იტყობინება.

„მაკრონი ორშაბათს მიემგზავრება რუსეთში, სამშაბათს კი – უკრაინაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ მაკრონმა სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთისა და უკრაინის პირველ პირებთან.

საუბრის შედეგად კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „პუტინმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კიევის ხელმძღვანელობის პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს“. გარდა ამისა, პრეზიდენტებმა განიხილეს არსებული მდგომარეობა და შეთანხმდნენ შემდგომი კონტაქტების შესახებ.

რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, “გავაგრძელეთ დიალოგი ემანუელ მაკრონთან უსაფრთხოების გამოწვევებთან და სამშვიდობო პროცესის გააქტიურებაზე “ნორმანდიის ფორმატში”. ჩვენ შევთანხმდით შემდგომ ერთობლივ ნაბიჯებზე უკრაინის მდგრადობის შესანარჩუნებლად და ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად”.

ელისეის სასახლის პრესსამსახური კი იტყობინება, რომ ემანულ მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, გაიმართოს შეხვედრა პარიზი-ვარშავა-ბერლინის ფორმატში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები