ესტონეთის ხელისუფლებამ, უკრაინაში საომარი მოქმედებების შემთხვევაში, ეროვნული თავდაცვის გეგმა შეიმუშავა

ესტონეთის ხელისუფლებამ განსაზღვრა ეროვნული თავდაცვის ამოცანები, უკრაინაში რუსეთის მიერ შესაძლო სამხედრო შეჭრის შემთხვევისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, „არ არსებობს პირდაპირი სამხედრო საფრთხე, მაგრამ ყველა ადამიანი და ორგანიზაცია მზად უნდა იყოს უკრაინაში გაზრდილი საომარი მოქმედებების შედეგებისთვის“.

მისი თქმით, „რუსეთის აგრესიული ქცევა მთელი ევროპის უსაფრთხოებასთან მიმართებით“, აიძულებს ესტონეთის ხელისუფლებას, „საფუძვლიანად მოემზადონ იმ კრიზისისთვის, რომელიც თან ახლავს სამხედრო აქტივობის ზრდას“.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთის უსაფრთხოების საფუძველი, სამოკავშირეო ურთიერთობების გარდა, არის დამოუკიდებელი თავდაცვისუნარიანობა და ყოვლისმომცველი ეროვნული თავდაცვა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მზად უნდა იყოს „ლტოლვილების ნაკადისთვის, გაღრმავებული ენერგეტიკული კრიზისისთვის, კიბერშეტევებისთვის, ასევე, უფრო ფართო ეკონომიკური და სოციალური შედეგებისთვის“.

კალასმა დასძინა, რომ მთავრობას „აქვს გეგმა ქვეყნის მზადყოფნის გასაუმჯობესებლად და მსგავს სიტუაციებთან გამკლავებისთვის“.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესტონეთის მთავრობამ გამოყო 380 მილიონი ევრო სამხედრო ეროვნული თავდაცვის საჭიროებებისთვის და აღნიშნა კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების აუცილებლობა.

ქვეყნის ეკონომიკისა და კომუნიკაციების სამინისტროს დაევალა ქვეყნის ეკონომიკისთვის კრიზისის შედეგების პრევენცია და აღმოფხვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები