პეკინში დღეს XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიწყება და 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
ოლიმპიურ თამაშებში 90-ზე მეტი ეროვნული სპორტული ფედერაციისგან, სულ მცირე, 2900 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
თამაშები ტარდება სამ ძირითად სპორტულ მოედანზე: პეკინში და ნაწილობრივ ქალაქებში, ჟანჯიაკუსა და იანცინგში. ყველა ოლიმპიური ადგილი ერთმანეთთან არის დაკავშირებული ჩქაროსნული რკინიგზით. ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ ყველა შეჯიბრი ხელოვნური თოვლის პირობებში ჩატარდება.
რაც შეეხება კოვიდშეზღუდვებს, პეკინი თვალსაჩინო ძალისხმევას ახორციელებს დაპირების შესასრულებლად, რომ ჩაატარებს კარგად ორგანიზებულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.
შემოღებული მკაცრი წესების მიუხედავად, 23 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირების 287 შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა 102 სპორტსმენსა და გუნდის ოფიციალურ წარმომადგენელს, კიდევ 185 – ოლიმპიადაში მონაწილე სხვა პირებს. ინფიცირებულთა ეროვნება არ არის დაზუსტებული. ყველა მათგანი იზოლირებულია. მხოლოდ 2 თებერვალს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა გამოაცხადეს კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა: აეროპორტში 29 დადებითი ტესტი დაფიქსირდა, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე – 26.
ამასთან, პეკინის ოლიმპიური თამაშები დასავლეთის რიგი ქვეყნის მიერ ბოიკოტირებულია. ამის მიზეზებია: უიღურებისა და ტიბეტელების სისტემატური ჩახშობა; ოპოზიციის დამარცხება ჰონგკონგში; საკუთარი მოქალაქეების თვალთვალის გაფართოება; ინციდენტი ჩინელ ჩოგბურთელ პენ შუაისთან და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები.
ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრებიან ისეთი ქვეყნების ლიდერები ან მაღალჩინოსნები, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და გერმანია.
მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გახსნის ცერემონიას ადგილზე მიადევნებს თვალს და ჩინეთის ლიდერ სინ ძინპინსაც შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები არ ტოვებენ იმ თამაშებს, რომლებიც მათ ქვეყნებში ტარდება. ასე, მაგალითად, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დროს, ჩინეთში XXIX ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 8-24 აგვისტოს ჩატარდა, რომლებსაც რუსეთის მაშინდელი პრემიერმინისტრი, ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა;
2014 წელს სოჭში XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 – 23 თებერვალს ჩატარდა, რამდენიმე დღეში კი რუსეთი უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე შევიდა და ე.წ. არჩევნები ჩაატარა; ასევე, მოხდა კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში.
დღეს ასევე მაღალია რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო ესკალაცია, დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლოა, თებერვალში მოხდეს.