ევროპაში ბოლო 40 წლის განმავლობაში სტიქიურ უბედურებებს 142 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

ევროპაში 1980-დან 2020 წლამდე ბუნებრივ კატასტროფებს, დაახლოებით, 142 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

 

ამის შესახებ Le Figaro ევროპის გარემოს სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ბუნებრივ კატაკლიზმებს შორის იგულისხმება ანომალიური სიცხე ან სიცივე, წყალდიდობა და ა.შ., მაგრამ არა – მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევა, რადგან, როგორც სააგენტოში ამბობენ,  ეს მოვლენები არ უკავშირდება ამინდს და კლიმატის ცვლილებებს.

 

ამრიგად, მაგალითად, 2003 წლის ზაფხულში ანომალიურ სიცხეს ევროკავშირის 32 ქვეყანაში, დაახლოებით, 80 ათასი ადამიანი შეეწირა.

 

კვლევის შედეგების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი ზარალი მიადგა გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას.

 

ამ პერიოდში გერმანიაში სტიქიებმა 42 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ქვეყანას კი 107 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა; საფრანგეთში – 26 700 ადამიანი გარდაიცვალა და 99 მილიარდი ევროს ზარალი მიადგა; იტალიაში – 21 600 გარდაცვლილი და 90 მილიარდი ევროს ზარალი აღირიცხა.
ამ სტიქიური უბედურებების ჯამური ზარალი 510 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლის “ლომის წილი” წყალდიდობამ და ქარიშხალმა გამოიწვია.

 

აღსანიშნავია, რომ ანგარიში არ მოიცავს 2021 წლის ზაფხულს, რომელიც ასევე იყო გამორჩეული სხვადასხვა ქვეყანაში წყალდიდობებითა და ტყის ხანძრებით.

 

მაგალითად, გასული წლის ზაფხულში გერმანიის წყალდიდობას, მეორე მსოფლიო ომის დროიდან, “ყველაზე მძიმე” უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები