თამარ ტალიაშვილი – სვენ მიქსერს: თქვენ ყოველთვის იყენებთ ევროპარლამენტის მაღალ ტრიბუნას იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას დაუჭიროთ მხარი
„უდიდესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ ყოველთვის იყენებთ ევროპარლამენტის მაღალ ტრიბუნას იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას დაუჭიროთ მხარი.
ასევე, მოხდა გასულ წელს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში შექმნილი იყო პოლიტიკური კრიზისი, თქვენ გააკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, სადაც მოუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უკან გადადონ თავისი ვიწრო პარტიკულარული ინტერესები, დადგნენ უფრო მაღლა და სწორედ საპარლამენტო დემოკრატიის პლატფორმა გამოიყენონ დიალოგის და პოლიტიკური არგუმენტების ურთიერთგაცვლისათვის. ამიტომ, უღრმესი მადლობა თქვენ ამ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯის და ამ მესიჯისათვის”, – მიმართა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე.
თამარ ტალიაშვილის შეფასებით, სვენ მიქსერის ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოცემულ მომენტში რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.
„თქვენი ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის იქნებოდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მოცემულ მომენტში ეს არის ძალიან დიდი დატვირთვის მქონე. რეგიონში შექმნილი არის ძალიან დაძაბული ვითარება – რუსეთის პოზიციების გაძლიერება რეგიონში, მომეტებული საფრთხე და აგრესია ამ ქვეყნის მხრიდან ქმნის დიდ პრობლემებს სტაბილურობის თვალსაზრისით, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ისე ევროპული უსაფრთხოებისათვის და კიდევ უფრო გლობალური მასშტაბით. ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არ მოქმედებს მხოლოდ იმ მეთოდებით, რომელსაც ჰქვია სამხედრო ინტერვენცია, აქ არის კიბერშეტევები, მნიშვნელოვანი ჰიბრიდული ომის საფრთხეები და წარმოება რუსეთის მხრიდან და ასევე კონკრეტული სამიზნე ქვეყნის შიგნით კრიზისების შექმნა”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება იმ მხარდაჭერაზეც გაამახვილა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს განათლების მიმართულებით, ასევე, ინოვაციებისა და მეცნიერების კვლევის განვითარების კუთხით. მისი თქმით, ეს მხარდაჭერა იმის წინაპირობაა, რომ კიდევ უფრო დაახლოოს ევროპელი და ქართველი მკვლევარები, მეცნიერები, სტუდენტები. თამარ ტალიაშვილმა ამ კუთხითაც აღნიშნა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებლის პირადი ღვაწლი.