გიორგი ხელაშვილი: რუსეთის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებსა და მოთხოვნებზე ჩვენ ვნახეთ ნატო-ს და ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო პასუხი, რომელიც იმედისმომცემია როგორც დასავლური სტრუქტურებისთვის, ასევე, საქართველოსთვის

„რუსეთის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებსა და მოთხოვნებზე ჩვენ ვნახეთ, ერთი მხრივ, ნატო-ს და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მკაფიო პასუხი, რომელიც იმედის მომცემია როგორც საერთოდ დასავლური სტრუქტურებისთვის, ასევე, განსაკუთრებით, საქართველოს თვალსაზრისით, ვინაიდან მასში ასახულია ჩვენი საერთო პოზიცია, რომ ქვეყნების მომავალი უნდა იყოს თავად ამ ქვეყნების ხელში, ალიანსების არჩევანი უნდა იყოს ქვეყნების სუვერენული უფლება, დაუშვებელია მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროატლანტიკური სივრცის გავლენის სფეროებად დაყოფა და რომ არსებული, შეთანხმებული პრინციპები, ცივი ომიდან მოყოლებული, უნდა იქნეს სრულად დაცული”, – ამ ის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს მოუსმინეს.

გიორგი ხელაშვილის განცხადებით, დასავლეთისა და საქართველოს ყურადღება ფოკუსირებულია უკრაინაზე, იმ კრიზისსა და საფრთხეზე, რომელიც თანდათან მატულობს და შეიძლება, უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდეს არა მარტო უკრაინის, არამედ, მთელი ევროატლანტიკური სივრცის მომავალზე.

მისივე თქმით, საერთო ძალისხმევა მიმართულია როგორც აგრესიის შეკავებაზე, ასევე, უკრაინაში ომის არდაშვებაზე, რისთვისაც გამოყენებულია დიპლომატია, სამხედრო დახმარება, სანქციების მუქარა.

„ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტის პოზიციას, რომელიც რეზოლუციის სახით გამოხატეთ უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა, იმავდროულად რუსეთი პარალელურად ცდილობს არა მარტო უკრაინის მიმართულებით წნეხის მიტანას, ამ ქვეყანასა და დასავლეთზე, არამედ, როგორც ჩანს, სერიოზულად მოითხოვს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლას.

ევროპის პარლამენტი, გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას ფართო პოლიტიკურ საკითხებზე- ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებში. სად დგას ევროპარლამენტი და უფრო ფართოდ, ევროკავშირი, უსაფრთხოების დიალოგის მიმართებით და განსაკუთრებით, რამდენად არის ერთიანი ევროკავშირი, როდესაც საქმე ეხება ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას და რუსეთის პოლიტიკას”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარს საქართველოში ჩამოსვლისათვის, მისი საქმიანობისათვის, რომელშიც საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და საქართველოს ხელისუფლების სახელით მადლობა გადასცა იმ მუდმივი მხარდაჭერისათვის და მონაწილეობისათვის, რომელიც საქართველოს ევროპარლამენტის მხრიდან აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები