შენგენის ზონის რეფორმირება – მაკრონი ინიციატივით გამოდის
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპაში ტერორიზმის საფრთხესა და მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით საჭიროდ მიიჩნევს, შენგენის ზონის სწრაფ რეფორმირებას.
ამის შესახებ მან საფრანგეთის ქალაქ ტურკუეში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე თქვა.
„არ შეიძლება, იყოს გადაადგილების თავისუფლება, თუ ჩვენ არ ვაკონტროლებთ ჩვენს გარე საზღვრებს. მიგრაცია გადაიქცა ჰიბრიდულ იარაღად, რომელსაც შეუძლია ევროპის დესტაბილიზაცია“, – განმარტა მაკრონმა და პოლონეთისა და ბელორუსიის საზღვარზე არსებულ ვითარება იგულისხმა.
მისი აზრით, შენგენის ზონის რეფორმა საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს, შექმნან პირობები ევროკავშირის გარე საზღვრების უფრო საიმედო დაცვისთვის. კერძოდ, პარიზი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში ე.წ. შენგენის საბჭო, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრები შეძლებენ, მიიღონ გადაწყვეტილებები გარე საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით.
მაკრონის თქმით, ასეთი ნაბიჯი ევროკავშირის ხელშეკრულებებში ცვლილებას არ საჭიროებს.
1-ელი იანვრიდან საფრანგეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღო და ეს ფუნქცია სლოვენიისგან გადაიბარა.
იანვარში სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე პროგრამის წარდგენისას მაკრონმა განაცხადა, რომ 6 თვის განმავლობაში პარიზის ერთ-ერთი პრიორიტეტი შენგენის ზონის რეფორმის პროექტის შემუშავება იქნება.