აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ევროპაში დამატებითი ამერიკული ჯარების გადასროლა არ ეწინააღმდეგება იმას, რის შესახებაც მან გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
ამის შესახებ CNN იტყობინება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, „ბაიდენმა განმარტა თავისი გადაწყვეტილება ჯარების შესახებ და თქვა, რომ ის „სრულიად შეესაბამება“ იმას, რასაც თავიდანვე ეუბნებოდა პუტინს. იქამდე, სანამ ის აგრესიულად იქცევა, ჩვენ ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მოკავშირეები ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომ ჩვენ აქ ვართ და ნატო-ს ქარტიის მე-5 მუხლის შესრულება წმინდა მოვალეობაა“.
2 თებერვალს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკული სარდლობა ევროპაში არსებულ ვითარებასა და რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით უკრაინის მახლობლად, დროებით დამატებით ძალებს აგზავნის გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში.
თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება სპონტანური არ იყო და ვაშინგტონი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდა ამ იდეას თავის მოკავშირეებთან.