მამუკა მდინარაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე – ეს სწორი პოლიტიკური სვლა იყო
ეს ყველა მხრივ გაზომილი, აწონილი და სწორი პოლიტიკური სვლა იყო, – ამის შესახებ ,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
“დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა, იქ ხომ თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. მან თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის შედეგიანი და ფოკუსირებული რეაქცია მისასალმებელია. ეს ფოკუსირებული აქ შემთხვევითი სიტყვა არ არის.
კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებული, გნებავთ ფრთხილი დაარქვან, გნებავთ დიპლომატიური. ჩვენ რა გვჭირდება დღეს? დღეს არის ის მოცემულობა, სადაც შენი სიხისტეა რამის მომტანი, გამკეთებელი თუ გამფუჭებელი – ამ კონტექსტიდან ხომ უნდა გამოხვიდე?
რა ქნეს მათ და რა ვქენით ჩვენ? 2012 წლამდე და მას შემდეგაც, მათი პოლიტიკის შედეგი იყო რუსეთის შესრულებით ომი და საქართველო მის წინაშე. ამ ომის შედეგია საქართველოს 20%-ის ოკუპაცია. ასევე გამქრალი მთავარი მტკიცებულება – ისკანდერის ნაწილები. შემდეგ 2009 წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც 2011 წელს დაუშვებლად ცნო საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ. შემდეგ ცნობილი, 2008 წლის რეზოლუცია, სადაც დააბარალეს ქართველ სამხედროებს ომის დაწყება – ეს არის მათი პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.