ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვებინარი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღის ფარგლებში, ვებინარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა და ყურადღება საქართველოში არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები წარმოადგენს ძალიან ღირებულ ეკოსისტემას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თვალსაზრისით. ჭარბტენიანი ტერიტორიები უზრუნველყოფს ისეთ მნიშვნელოვან ეკოსისტემურ მომსახურებებს, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ღვარცოფებისა და გვალვებისგან დაცვა, კლიმატის ცვლილების რეგულირება, წყალმარეგულირებელი ფუნქცია, რის გამოც ჭარბტენიანი ტერიტორიები მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხითაც”, – განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა.

შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ახალგაზრდებს ჭარბტენიანი ტერიტორიების ღირებულებისა და მისი სარგებლობის შესახებ ესაუბრნენ. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს უნიკალურ ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ. შეხვედრას ეკოლიდერები, გარემოსდამცველი მოხალისეები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან აღნიშნული თემით დაინტერესებული მოსწავლეები ესწრებოდნენ. ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2 თებერვალს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები