„რესტორატორთა ასოციაცია“: „მწვანე პასპორტმა“ ვერ იმუშავა

„მწვანე პასპორტი“ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი აღმოჩნდა”, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბურჯანაძე „მწვანე პასპორტის“ გაუქმებას გამოეხმაურა.

„ძალიან შეშფოთებული ვარ საზოგადოების გუშინდელი რეაქციით. სხვადასხვა ეთერში ადამიანები ისხდნენ და „მწვანე პასპორტების“ გაუქმებასთან დაკავშირებით ზოგი გამარჯვებას ზეიმობდა, ზოგი დამარცხებას. ამას ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ, რატომ უნდა იზეიმო, ან რატომ უნდა დამარცხდე, როცა საუბარია ერთ-ერთი რეგულაციის გაუქმებაზე? ხაზგასმით მინდა, დავაფიქსირო, რომ რეგულაცია უმნიშვნელოვანესი იყო და მე ყოველთვის, იდეიდან დაწყებული, მხარს ვუჭერდი, გარკვეულწილად ამის განხორციელებაში ვმონაწილეობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომ „მწვანე პასპორტი“ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი აღმოჩნდა. „მწვანე პასპორტებს“ სიკეთე უნდა მოეტანა და იმუნიზაციისთვის ბიძგი მიეცა. ყველაფერი პირიქით მოხდა. ეს იყო მხოლოდ ფურცელზე დაწერილი რეალობა. რასაც საზოგადოებისთვის დადებითი შედეგი უნდა გამოეღო, უბრალოდ, ვერ იმუშავა. წარმოიდგინეთ, „მწვანე პასპორტი“ 1 თვით ადრე რომ გაუქმებულიყო, დღეს გვექნებოდა ასეთი პასუხები, რომ მისმა გაუქმებამ ასეთი შედეგები გამოიწვია და ინფიცირების ეს რიცხვები გვაქვს – 24 000, 26 000. რეალურად ამას „მწვანე პასპორტებთან“, შეზუღუდებეთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს რა პირობებშიც ვართ, ვირუსის გავრცელების არეალი იმდენად დიდია, ამას ვეღარაფერი აკავებს. ჩვენი დღევანდელი პრობლემა არის ის, რომ იმუნიზაციის პროცესი დაბალ დონეზეა. დღეს მთავრობამ, საზოგადოებამ, მედიამ ამაზე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს პროცესი რამენაირად წინ წავიდეს.

მითხარით ვინმემ, თუ იცნობთ ისეთ ადამიანს, რესტორანში სიარულის გამო აცრა რომ გაეკეთებინა? „მწვანე პასპორტის“ შექმნა იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას ითვალისწინებს. ის მარტო რესტორნისთვის კი არ უნდა შექმნილიყო, არამედ ფართოდ უნდა ყოფილიყო სხვადასხვა სფეროებისთვის. რატომ არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად, მოლებში? ეს იქნებოდა ბერკეტი იმისათვის, რომ იმუნიზაციის პროცესი გაძლიერებულიყო“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს.
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.

ამასთან, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები