თენგიზ ცერცვაძე: აიცერით, რათა მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას

ატარეთ პირბადე, აიცერით, აიცერით, აიცერით, რათა მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.

ის მოსახლეობას მოუწოდებს იყვნენ მშვიდად, შეინაჩრუნონ ოპტიმიზმი და ითანამშრომლეთ ექიმებთან.

„ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და ჩასაფრებული პირები, რომელთაც ძალიან უნდათ, რომ მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან ცუდად მართავს COVID პანდემიას, ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 15 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა და ეს უტყუარი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს განიცდის და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოსახლეობა ბედის ანაბარად ჰყავს მიტოვებული. ხშირად იმეორებენ იმასაც, რომ COVID-ის გამო ქვეყანამ მეტი ადამიანის სოცოცხლე დაკარგა, ვიდრე აფხაზეთის ომში და ამაშიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელმძღვანელობა და ექიმებია დამნაშავე. უფრო მეტიც – ზოგიერთის ფანტაზია ისე შორს წავიდა, რომ აცხადებს თითქოს ქვეყნის ხელმძღვანელობამ გამიზნულად გაწირა?! ადამიანები COVID-ით გარდაცვალებისთვის?! ეს ადამიანები სინდისთან რომ მწყრალად არიან, გასაგებია, მაგრამ მათი ფსიქიკური მდგომარეობაც აშკარად შესამოწმებელია.

არათუ 15 ათასი ადამიანის გარდაცვალება, არამედ თითოეული ადამიანის დაკარგვა უდიდესი ტკივილია მათი ოჯახებისთვის, ჩვენთვის – ექიმებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ არა იმ ერთი მუჭა ჩასაფრებული ადამიანებისათვის, რომლებიც ცდილობენ ამ სამწუხარო ფაქტის თავიანთი ბინძური მიზნებისთვის გამოყენებას.

მოდით ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სამწუხაროდ გარდაიცვალა 15 010 ავადმყოფი.

მსოფლიოს უძლიერეს და უძლიერესი ჯანდაცვის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებში:

  • ა.წ. 20 იანვარს COVID-განგარდაიცვალა 3,172 ავადმყოფი
  • ა.წ. 25 იანვარს – 3,051 ავადმყოფი
  • ა.წ. 26 იანვარს – 3,408 ავადმყოფი
  • ა.წ. 27 იანვარს – 3124 ავადმყოფი
  • ა.წ. 28 იანვარს – 2,805 ავადმყოფი

ანუ, აშშ-ში მხოლოდ ა.წ. იანვრის ბოლო 5 დღეში COVID-გან გარდაიცვალა 15,560 ავადმყოფი – უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 2 წლის მანძილზე. დიახ, რამდენადაც ძნელად დასაჯერებელი არ უნდა იყოს, ამერიკაში მხოლოდ ა.წ. იანვრის ბოლო 5 დღის მანძილზე (ვიმეორებ მხოლოდ 5 დღეში) COVID-ით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე საქართველოში 2 წლის მანძილზე. გასაგებია, რომ ამერიკა მოსახლეობით ჩვენზე 85-ჯერ მეტია, მაგრამ მაინც. შეგვიძლია სხვანაირადაც დავთვალოთ: ა.წ. იანვრის ზუსტად იგივე დღეებში (ა.წ. 20, 25, 26, 27 და 28 იანვარს) საქართველოში COVID-ისგან გარდაიცვალა: შესაბამისად 27, 42, 39, 27 და 30 ავადმყოფი, სულ – 165 ავადმყოფი. თუ გადავიანგარიშებთ 1 მილიონ მოსახლეზე, ამერიკაში აღნიშნულ 5 დღეში 1 მილიონ მოსახლეზე გარდაიცვალა 47 ავადმყოფი, ხოლოდ საქართველოში – 1 მილიონ მოსახლეზე გარდაიცვალა 42 ავადმყოფი. კომენტარები ზედმეტია.

რაც შეეხება ომში დანაკარგს, საქართველომ აფხაზეთის ომში დაკარგა დაახლოებით 9000 ადამიანი, ხოლო COVID პანდემიისგან 15,010 (1.7-ჯერ მეტი). მაშინ როდესაც აშშ-მ მთელი მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგა 405,000 ადამიანი ხოლო მთელი COVID პანდემიის მანძილზე – 907,190 ავადმყოფი (2,2-ჯერ მეტი). ასე, რომ ომში დანაკარგით სპეკულირებაც უადგილოა. მძიმე პანდემიების დროს დანაკარგი ხშირად უფრო მეტია, ვიდრე ომში. გავიხსენოთ, რომ 1918-1920 წლების ე.წ. ესპანური გრიპის პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში გრიპით გაცილებით მეტი ავადმყოფი გარდაიცვალა, ვიდრე მთლიანად პირველ მსოფლიო ომში.

აშშ-სთან შედარება ავიღეთ არა იმიტომ, რომ გვინდა დავაკნინოთ ამერიკის შესაძლებლობები ან მისი ჯანდაცვა, არამედ პირიქით – იმიტომ ავიღეთ, რომ ამერიკა არის მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო უძლიერესი ჯანდაცვის სისტემით და თან საქართველოსგან განსხვავებით სრულად ვაქცინირებული, რაც 10-ჯერ მაინც ამცირებს სიკვდილობას და მანაც კი ვერ აიცილა თავიდან COVID-ით გამოწვეული ძალიან სერიოზული დანაკარგები და რატომ თვლით, რომ საქართველოს შეეძლო აეცილებინა და რატომ ითხოვთ შეუძლებელს საქართველოს ხელმძღვანელობისგან და მისი ჯანდაცვის სისტემისგან, რომელიც ცალსახად აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს და უფრო მეტსაც იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული, არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩეს ექიმის და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე, რათა 21-ე საუკუნის უმძიმესი გამოწვევიდან – COVID-ის პანდემიიდან ქვეყანა გამოვიდეს მინიმალური დანაკარგებით. საქართველოს კლინიკებში ჰოსპტალიზებულ პაციენტებში საშუალო სიკვდილობა უფრო დაბალია, ვიდრე ევროპისა და მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაში.

მივმართავ ქვეყნის მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების, ე.წ. ექსპერტების და ერთი მუჭა „ჰეითერების“ სიძულვილის ენით გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვის და პანიკის გამსოავწვეად. იყავით მშვიდად, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე, აიცერით, აიცერით, აიცერით, რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ეს ერთდ უნდა გავაკეთოთ“, – წერს ცერცვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები