გივი მიქანაძე: ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული, მინდა, მოვუწოდო – გავერთიანდეთ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად
უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე პლენარულ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატებთან ჩატარებულ საკომიტეტო მოსმენის საკითხს გამოეხმაურა. დეპუტატმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ პროცესის დისკრედიტაციის მცდელობებზე გაამახვილა ყურადღება.
„აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით არ შეიძლება, უყურადღებოდ დავტოვოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. კერძოდ, შესარჩევი პროცესის საწყის ეტაპზე დაფიქსირდა რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ამ პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა, როდესაც ისინი ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გაემიჯნენ პროცესს და უარი განაცხადეს პრეზიდენტთან არსებულ საკონკურსო კომისიაში მონაწილეობაზე.
ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თაოსნობით, უარი განაცხადა საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობაზე. საინტერესოა, რომ რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა ეს პროცესი თავიდანვე ფარსად შერაცხა და, რამდენადაც პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, იმავდროულად, კონკრეტულ კანდიდატს ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე გამოუცხადა მხარდაჭერა.
ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატის მიერ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „პლატფორმა 20/20″-ის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, კითხვებზე გაცემული პასუხებით მოხდა მისი სრული ლუსტრაცია და საზოგადოებამ დაინახა თუ რამდენად მიკერძოებული და არაობიექტური კანდიდატი იყო მხარდაჭერილი ოპოზიციის მიერ”, – აღნიშნა დეპუტატმა. მისი თქმით, პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალობით ხასიათდებოდა. მოსმენები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და საზოგადოებას შეეძლო, თვალი ედევნებინა ამ პროცესისათვის.
მსურველებს შეეძლოთ, დასწრებოდნენ საკომიტეტო მოსმენას და მათთვის აქტუალური კითხვები დაესვათ კანდიდატებისთვის. დეპუტატმა ოპოზიციას ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის მოხსენებამ და კითხვებზე პასუხმა ცხადყო, რომ ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს ხელმძღვანელობს მაღალი რანგის პროფესიონალი, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარებული 2021 წლის არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასდა, როგორც მაღალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები.
სწორედ ამიტომ, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, მინდა მოვუწოდო გავერთიანდეთ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.