ფრიდონ ინჯია – „მოვიქცეთ ისე, როგორც მართლა უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს”
„მსოფლიო ომის წინაშეა. მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას „ქართულ ოცნებას”, რომ მოვიქცეთ ისე, როგორც მართლაც რომ უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს. ყველა ჩვენი ქმედება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ის უბედურება როგორიც ომია, ავაცილოთ თავიდან მათ და ავიცილოთ ჩვენ. მაშინ, როდესაც უკრაინა სავსეა იარაღით და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ იარაღის კონტროლი შემცირდეს და ვინმემ პროვოკაციულად დაიწყოს ომი, აი, ასეთ პირობებში, ჩვენი მხრიდან წაქეზების ელემენტები ყოვლად დაუშვებელია”, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
„დასავლეთი თვითონ ომში მონაწილეობას არ იღებს.
ამასთანავე, უკრაინელებმა და რუსებმა უნდა დახოცოს ერთმანეთი და ამ ხოცვა-ჟლეტაში ჩვენ გავხდეთ მონაწილე, უფრო მეტიც, ომი გავაჩაღოთ საქართველოს ტერიტორიაზე. მოვუწოდებ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელებს, შეასრულონ ის ვალდებულება, რომელიც მათ აიღეს მინსკის ხელშეკრულებით. დამერწმუნეთ ამით უკრაინა ომს გადაურჩება.
ჩვენ კი მოგვეცემა ლავირების საშუალება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და გამთლიანებისთვის. სხვა გზა დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს კი ისტორიამ უკვე აჩვენა, მხედველობაში მაქვს 30 წლის გამოცდილება”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.