ჩარგალში ვაჟაობას აღნიშნავენ (ვიდეო)
ვაჟა ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში, სახალხო დღესასწაული ვაჟაობა გაიმართება. ვაჟაობაზე ტრადიციულად ჩატარდება კონცერტი, სპორტული ღონისძიებები და მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერია საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ . ორგანიზატორების თქმით, ვაჟაობის პროგრამა წელს მრავალფეროვანი იქნება.
„ვეცდებით, რომ ვაჟას შემოქმედებას სცენაზე მოვუყაროთ თავი. წარმოდგენილი იქნება მერაბ მამულაშვილის კომპოზიცია ვაჟაზე, რაშიც პანტომიმის თეატრი მიიღებს მონაწილეობას. შესრულდება დათო არჩვაძის რამდენიმე სიმღერა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები წაიკითხავენ ვაჟას ლექსებს. მონაცვლეობით იქნება ვაჟას ლექსი, ვაჟას სიმღერა. ბოლოს ეს ყველაფერი დასრულდება ხალხისთვის საყვარელი ჰიტებით, იმღერებენ დები გოგოჭურები, ზვიადაურები და ა.შ. ასევე, კიდევ ერთი სიურპრიზი გვექნება, ანრი ჯოხაძე მაყურებელს მოასმენინებს „შენმა სურვილმა დამლიას“ თავის ვერსიას. ძალიან კარგი და საინტერესო პროგრამა იქნება“, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ღონისძიების ორგანიზატორმა ლელა რაზიკაშვილმა.
ჩარგალში სპორტული და კულტურული ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება. გამოფენის გარდა, გაიმართება დოღი, მკლავჭიდი და ჭიდაობა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის ქეთევან წიკლაურის ინფორმაციით, ვაჟაობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დაიხარჯება. ღონისძიებაზე პრემიერს, პარლამენტის წევრებსა და მინისტრებს ელოდებიან.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=QemM2YgE5p0″ width=”560″ height=”315″]