კახა ლაბუჩიძე ბიბლიოთეკებსა და მედიათეკებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე – კახა ლაბუჩიძე, მუნიციპალური კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგისა და მიმდინარე მოვლენების ადგილზე შესწავლის მიზნით, გასვლით შეხვედრებს განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დეპუტატი, თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ზურაბ წერეთელთან ერთად, ამჯერად აკაკი წერეთლის სახელობის ახლადრეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში, ნაძალადევის მედიათეკასა და თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა. კახა ლაბუჩიძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრის მიზანია პრაქტიკულად დაიგეგმოს 2022 წელი და კოვიდპანდემიური გამოწვევების მიუხედავად, წარმატებით გაგრძელდეს ბიბლიოთეკების მოდერნიზაციის პროცესი.
მისივე თქმით, საბიბლიოთეკო საქმის პოპულარიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტის როლი ყოველდღიურად მზარდია.
„წერეთლის ბიბლიოთეკის მსგავსად, ჩვენ ვაპირებთ სხვა ბიბლიოთეკების რეაბილიტაციას. ეს პროცესი არის შეუქცევადი. დღევანდელი მონიტორინგის მიზანია თითოეული პრობლემის იდენტიფიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. როგორც განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეორგანიზაციის შემდეგ, თბილისის მულტიფუნქციურმა ბიბლიოთეკამ არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სარემონტო-სარეაბილიტაციო პროექტები განახორციელა. აღსანიშნავია, რომ გაერთიანების ყველა ფილიალი აღიჭურვა კომპიუტერებითა და პრინტერებით, მოწესრიგდა კონდიცირების სისტემა, გარემონტდა სველი წერტილები, მოეწყო ელექტროგაყვანილობის ახალი სისტემა. რეფორმის შედეგად თანამედროვე ტიპის კულტურულ-საინფორმაციო სივრცე შეიქმნა, რომელშიც მომხმარებელს საშუალება აქვს, როგორც მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით, ისე ელექტრონული რესურსებით ისარგებლოს, თუმცა მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებული თითოეული ბიბლიოთეკა საჭიროებს მეტ მხარდაჭერას და ეტაპობრივად, გეგმაზომიერად, ყველა პრობლემა გადაიჭრება. როგორც ზურაბ წერეთელმა განაცხადა, რეფორმის ფარგლებში გაერთიანების წიგნადი ფონდი შეივსო ხუთი ათასზე მეტი ეგზემპლარით, მათ შორის უცხოური ლიტერატურით.
დაიგეგმა და განხორციელდა ბიბლიოთეკების გაერთიანების რებრენდინგის სამუშაოები. სხვადასხვა თემატიკაზე ჩატარდა ოცზე მეტი საჯარო ლექცია, ხოლო მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრთან (IჩPI) განხორციელდა ათეულობით ღონისძიება – ტრენინგები, კინოჩვენებები, საჯარო ლექციები, დისკუსიები. თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 2018 წელს კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც დედაქალაქის 36 ბიბლიოთეკასა და 3 მედიათეკას აერთიანებს. მისი მიზანია თანამედროვე ტიპის კულტურულ-საინფორმაციო სივრცის შექმნა, რომელშიც მომხმარებელს საშუალება აქვს, როგორც მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით, ისე ელექტრონული რესურსებით ისარგებლოს.
ბიბლიოთეკებისგან განსხვავებით, მედიათეკა მოიცავს იზოლირებულ სამკითხველო დარბაზებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთავარ სამუშაო სივრცეს და ეკრანითა და პროექტორით აღჭურვილ მულტიმედიურ ოთახს, სადაც იმართება ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო შეხვედრები.