35 მილიონი ევროპელი არჩევანს სითბოსა და საკვებს შორის აკეთებს – რა უნდა მოიმოქმედონ მთავრობებმა პრობლემის მოსაგვარებლად

 

ევროპაში ენერგომატარებლებზე ფასები იზრდება და მილიონობით ადამიანს უწევს არჩევანის გაკეთება სახლის გათბობასა და საკვების ყიდვას შორის.

Euronews-ის ინფორმაციით, 35 მილიონზე მეტი ევროპელი ამ ზამთარს ვერ ათბობს საკუთარ სახლს, რადგან მათი არჩევანია ან გათბობა, ან საკვების ყიდვა. ეს იმდენად მაღალი რიცხვია, რომ შეიძლება, იყოს შედარებული უნგრეთის, საბერძნეთის, ირლანდიისა და პორტუგალიის ჯამურ მოსახლეობასთან.

აღინიშნება, რომ ენერგეტიკული სიღარიბის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს – დაბალი შემოსავალი და ცუდად იზოლირებული სახლები. საწვავზე ფასების მატება და პანდემია ბევრისთვის გათბობის გადასახადებს ხელმიუწვდომელს ხდის.

საფრანგეთში, კერძოდ კი, პარიზში პანდემიის დაწყებიდან უფასო კვების მიმღებთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. ევროპის მასშტაბით, მზარდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც უჭირთ საკვებისა და გათბობისთვის ფულის შოვნა.

მაგალითად, ბულგარეთში გათბობის საფასურის გადახდა უჭირს ყოველ მეოთხე მცხოვრებს, რაც ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია და 27,5%-ს შეადგენს. მეორე და მესამე ადგილზე არიან ლიეტუვა და კვიპროსი – 23,1% და 20,9%-ით.

Euronews-ი წერს, რომ 2020 წელს, ევროპის ღარიბთა დახმარების ფონდის პროგრამით, “ცხელი სადილი სულისთვის” 20 მილიონმა ევროპელმა ისარგებლა, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, სიღარიბესთან ბრძოლა და ღარიბების მხარდაჭერა შეიძლება, იყოს ეფექტური სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაზრდით.

ევროკომისიის დასაქმებისა და სოციალური დაცვის სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის, ანდრიანა სუკოვას თქმით, „ღარიბი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ფონდის პროგრამით მიღებულ საკვებსა და აუცილებელ პროდუქტებს ახლდეს სახელმწიფო პოლიტიკა ღარიბი ადამიანების მხარდასაჭერად, რომელიც გულისხმობს მათი სახლების გათბობას, ხანდაზმულთათვის მედიკამენტების შეძენას, რათა მათ შეძლონ ჰარმონიული და აზრიანი ცხოვრების წარმართვა.”

რაც შეეხება ენერგეტიკასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, როგორც Euronews-თან საუბრისას ჟაკ დელორის სახელობის ენერგეტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა, თომა პელერენ-კარლენმა თქვა, ის ფაქტი, რომ ევროპაში მილიონობით ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი სახლების გათბობას, უკავშირდება წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე დაყრდნობით.

“ამის გამო, ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მილიონობით ევროპელი ვერ ათბობს საკუთარ სახლებს. სიტუაცია უარესდება ყოველ ჯერზე, როცა წიაღისეული საწვავის კრიზისი ხდება და ფასები სწრაფად იზრდება. ყველაზე კარგად პრობლემას უმკლავდებიან ის ქვეყნები, რომლებიც ხელს უწყობენ გადასვლას განახლებად და უფრო ეფექტურ ენერგიის წყაროებზე. ენერგეტიკული სიღარიბის მხრივ ყველაზე უარესი მდგომარეობა სამხრეთ ევროპაშია. ერთი შეხედვით, ეს პარადოქსულად გამოიყურება. შეიძლება ჩანდეს, რომ რაც უფრო ცივი კლიმატია ქვეყანაში, მით უფრო დიდია ენერგეტიკული სიღარიბე. მაგრამ, სინამდვილეში პირიქითაა იმიტომ, რომ ენერგეტიკული სიღარიბე წარმოიქმნება არა გეოგრაფიის ან ბუნების გამო, არამედ – პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო. თუ შვედეთში ახლა ყველაფერი რიგზეა, ეს არ არის შვედეთის ამჟამინდელი მთავრობის დამსახურება, არამედ იმ 30-წლიანი ინვესტიციის, რომელიც სახლების რემონტში ჩაიდო, ასევე, განახლებადი წყაროებიდან გათბობის განვითარებაში”, – ამბობს თომა პელერენ-კარლენი.

კითხვაზე, რისი გაკეთება შეიძლება ევროკავშირის დონეზე, ექსპერტი ამბობს, რომ გასაკეთებელია სამი რამ.

“ევროპის მწვანე კურსმა უნდა უზრუნველყოს ყველა ოჯახის უფლება გათბობაზე. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანი. როგორ მივაღწიოთ ამას? პირველ ყოვლისა, რეგულირების გზით. ჩვენ უნდა გავხადოთ შენობების თბოიზოლაცია სავალდებულო, როდესაც ისინი იყიდება ან გაქირავებულია. და მესამე, რაც გასაკეთებელია, არის რემონტის სუბსიდირება, განსაკუთრებით – ღარიბ ქვეყნებში, როგორიცაა ბულგარეთი. ამ მიზნით, ევროკომისიამ კარგი წინადადება გააკეთა სოციალური კლიმატის ფონდის შექმნის შესახებ. ეს იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები