ლევან დავითაშვილი: ჩვენ კიდევ გვაქვს ათობით ხელშეკრულება, რომელზეც კითხვა არ დასმულა და ასობით განაცხადი, რომელიც უახლოეს პერიოდში ასევე გაიჯარდება, რამდენადაც ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველასთვის შესაძლებელია, აბსოლუტურად უსაფუძვლოა საუბარი ან პრემიერმინისტრის ან სხვა თანამდებობის პირის ოჯახზე

“ეს არ არის ჩუქება, ეს არის ვალდებულება, რომელშიც ყოველ წელს, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და აუქციონის პირობების შედეგად დადგინდა, მოიჯარემ უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, პრემიერმინისტრის ოჯახზე აპელირება და პრივილეგირებულ საუბარი არასწორია, ვინაიდან აუქციონი ჩატარდა ღია წესით, ტრანსფარენტულად, ყველას შეეძლო მასში მონაწილეობა და საუბარია კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებით გადაწყვეტილ საიჯარო ხელშეკრულებაზე.

„ნებისმიერი ტყის ობიექტი მითხარით, იმ კრიტერიუმებით, რომელიც ეროვნულ სატყეო სააგენტოს გააჩნია და კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული, თქვენც შეგიძლიათ, ასეთივე სარგებლობით, იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ თქვენ მზად ხართ, რომ ის ვალდებულებები იკისროთ, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული. ასე, რომ გამოვრიცხეთ ყოველგვარი პრივილეგია. ჩვენ ვართ უწყება, რომელსაც შეუძლია კომპეტენტური პასუხი მოგაწოდოთ და სხვაგან არ ვეძებოთ ამ ინფორმაციაზე პასუხები. ეს არის წელიწადში 5 ათას ლარზე მეტი, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და პრივილეგია რომ არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ მსურველს, საქართველოს მოქალაქეს, შეუძლია იგივე გააკეთოს, თუ მზად არის, იკისროს ის ვალდებულებები და ო რომელიც მოიჯარისთვის იქნება განსაზღვრული. თანხის რაოდენობას განსაზღვრავს კანონმდებლობა, რომელიც დაფუძნებული იყო სამხარაულის შეფასებაზე.

სასოფლო-სამეურნეო მიწები ღირს ხოლმე ჰექტარი 5 ათასი ლარი, რომელიც საკუთრებაში გაქვს და იქ შეიძლება რაღაც ეკონომიკური სარგებელი მიიღო და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იჯარის გადასახადზე, რომელსაც ვალდებულებები მოჰყვება. ანუ, ეს უფლებები კი არ არის, ძირითადად არის ვალდებულებები, რომ ვიღაცამ შეასრულოს ტყის მოვლის კუთხით. შეიძლება იკითხოთ, რატომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი ვალდებულება – ჩვენ დღეს 22 მიმდინარე ხელშეკრულება გვაქვს და 100-ზე მეტი განაცხადი გვაქვს ასეთივე საიჯარო ხელშეკრულების, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების.

ეს შეიძლება იყოს მის საცხოვრებელ ან კომერციულ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს ტყის კარგად მოვლა. რამდენადაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ქვეყანაში 3 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის მოვლა და სახელმწიფოს ძალიან მცირე რესურსები გააჩნია მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ტყის მოვლის კუთხით რესურსებს ვზრდით, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, რაც გვინდა და რაც განსაზღვრულია მთელ მსოფლიოში. ეს არის ტყით სარგებლობის აბსოლუტურად სწორი, მდგრადი მოდელი, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ, ანუ სწორად მოვუაროთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვ

იცე-პრემიერის შეფასებით, ეკოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად, ტყის ერთ-ერთი ფუნქციაა ეკონომიკური ფუნქცია და არა მერქნის მოპოვება მხოლოდ, რაზეც ხდებოდა ზეწოლა წლების განმავლობაში, ვიდრე საქართველოში იყო სოციალური ჭრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კოდექსმა განსაზღვრა, რომ 2023 წლიდან სოციალური ჭრა გაუქმდება. „ძალიან რთული იქნება, რომ ჩვენ ის რესურსები შევქმნათ სატყეო სააგენტოში, რომ სოციალური ჭრა სრულად დავასრულოთ, მაგრამ დიდწილად სოციალური ჭრიდან გამოვდივართ. ტყე მერქნის მოპოვების ძირითადი წყარო კი არ უნდა იყოს, არამედ პირიქით, ეკოტურიზმის და სხვადასხვა ისეთი სერვისების განვითარების, რომელიც ტყის ეკოლოგიასაც შეინარჩუნებს, მაგრამ ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც გააჩენს.

ამაზეა მთლიანად დაფუძნებული კოდექსის პრინციპები და ამ პრინციპებით, კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ამ იჯარის ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ კიდევ გვაქვს ათეულობით ხელშეკრულება, რომელზეც კითხვა არ დასმულა და ასეულობით განაცხადი, რომელიც უახლოეს პერიოდში ასევე გაიჯარდება.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რამდენადაც ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველასთვის შესაძლებელია, აბსოლუტურად უსაფუძვლოა საუბარი ან პრემიერ-მინისტრის ან სხვა თანამდებობის პირის ოჯახზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები