ზილფიმიანი – მინდელის შახტის ტრაგედიაზე: ამაზე პრიორიტეტული საკითხი დღესდღეობით არ დგას, ამიტომ, მნიშვნელოვანია, დაიწყოს გამოძიება
დეპუტატი, დავით ზილფიმიანი ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე მძიმედ დაშავდა.
თითქმის ორი ათეული წელია, გვესმის ინფორმაცია ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქებების შესახებ, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო უფრო მეტი დასახიჩრდა.
მუდმივად გვესმის, რომ მინდელის შახტში მომხდარ აფეთქებაზე იწყება გამოძიება, თუმცა, როგორ სრულდება ეს გამოძიება, უმჯობესდება თუ არა უსაფრთხოების ნორმები იმისთვის, რომ არ დაგროვდეს მეთანი და არ მოხდეს აფეთქება, ამის თაობაზე ვერაფერს ვეღარ ვიგებთ.
ამაზე პრიორიტეტული საკითხი დღესდღეობით არ დგას, ამიტომ, მნიშვნელოვანია, დაიწყოს გამოძიება და გაირკვეს რა ხდება ბოლო წლების მანძილზე ტყიბულის შახტში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ სახეზე გვაქვს ასეულობით დასახიჩრებული და ათეულობით გარდაცვლილი მეშახტე, თუ არ ჩატარდება გამოძიება და არ მივიღებთ სათანადო ზომებს, მსგავსი ტრაგედიები კიდევ განმეორდება“, – წერს დავით ზილფიმიანი.