სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აივ-დადებითი 22 წლის ქალი ცხრა თვის განმავლობაში კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ამ დროის განმავლობაში, მის სხეულში პათოგენმა 21 მუტაცია დააგროვა.
ამის შესახებ სოციალურ Social Science Research Network-ის საიტზე გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ ეს იყო “ბეტა” შტამი. ამავდროულად, ქალს არ უტარდებოდა სათანადო მკურნალობა აივ-ინფექციაზე, რომლითაც ის დაიბადა.
კვლევა სამხრეთ აფრიკის სტელენბოშისა და კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის მკვლევრები ატარებდნენ.
ქალს კორონავირუსი 2021 წლის იანვარში დაუდასტურდა. სექტემბერში იგი შეიყვანეს კეიპტაუნის საავადმყოფოში, სადაც ასევე დაუდასტურდა COVID19. კვლევებმა აჩვენა, რომ საუბარია ინფექციაზე, რომელიც, სულ მცირე, 9 თვის განმავლობაში გაგრძელდა და არა – რეინფიცირებაზე.
ექიმებმა ტესტზე უარყოფითი პასუხის მიღება მხოლოდ ნოემბრის ბოლოს შეძლეს.
ასევე, აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვრიდან ქალს პრობლემები ჰქონდა აივ-ის მკურნალობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, თერაპია განახლდა.
სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ მიერ განხილული შემთხვევა „ამატებს მტკიცებულებებს, რომ მძიმე იმუნოსუპრესიამ, რომელიც დაკავშირებულია უკონტროლო აივ ინფექციასთან, შეიძლება, გამოიწვიოს ქრონიკული SARS-CoV-2 ინფექცია“.
აღინიშნა, რომ ასეთმა მუდმივმა ინფექციებმა ასევე შეიძლება, გამოიწვიოს „მუტაციების დაგროვება, მათგან ზოგიერთი იწვევს იმუნური პასუხის თავიდან აცილებას, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ახალი ვარიანტების გაჩენა“.