ლევან დავითაშვილი: საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის პრეზენტაციას გააკეთებს საქართველოს პრემიერმინისტრი უკვე მომავალ კვირას; პროგრამა უკვე დასრულებულია
ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა იგეგმება 2022 წელს, იმისთვის, რომ რეალურად შევძლოთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისება და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პრეზენტაციას მომავალ კვირას პრემიერმინისტრი გააკეთებს. “დასაქმება არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე და ამაზე ჰქონდა დღეს პრემიერმინისტრს აქცენტი კაბინეტის წევრებთან, ამაზე ვსაუბრობდით, მათ შორის, თქვენ იცით, რომ საზოგადოებასთან გვქონდა კომუნიკაცია 2021 წლის ბოლოს, როდესაც ვსაუბრობდით ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელებაზე ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ათეულობით ათას დამატებით ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით. ეს იქნება შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ მათ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ და დამატებითი შემოსავლები მიიღონ.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იყო საზოგადოებაში ამ პროგრამის დეტალებზე მოლოდინი, მათ შორის, მედიაში, თქვენგანაც ხშირად იყო ამაზე კითხვები. რამდენადაც ამის პრეზენტაციას გააკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მომავალ კვირას, შესაბამისად, დღეს ჩვენ დეტალებზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ პროგრამა უკვე დასრულებულია, შემუშავებულია და დაზუსტებულია ის დეტალები და პარამეტრები, რომლებიც რამდენიმე ხნის განმავლობაში შეჯერდა სხვადასხვა სამინისტროსთან. ასევე, სხვადასხვა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მეშვეობით თავი მოვუყარეთ პოტენციურად იმ სამუშაოებს, რომლებიც არის განსახორციელებელი ამ პროგრამის ფარგლებში. ეს ბაზებიც უკვე თავმოყრილია.
შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში სამუშაო ჯგუფმა გასწია მუშაობა და საზოგადოებას უკვე მომავალ კვირას ექნება სრული ინფორმაცია პროგრამის დეტალებზე. ეს იქნება ერთ-ერთი ბიძგი, მაგრამ არა ერთადერთი, დასაქმების სტიმულირების. დანარჩენი სხვა ინიციატივების შესახებაც პერიოდულად საზოგადოებას მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც ეკონომიკის არა მხოლოდ აღდგენის ამ მიმართულებებს გულისხმობს, არამედ ტემპების დაჩქარებას და ახალი ინოვაციური სექტორების წახალისებას, რომელიც მოსახლეობის დასაქმებას ხელს შეუწყობს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.