ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია” პრემიერა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სპექტაკლი კულტურის სამინისტროს კონკურსის „კულტურის სფეროში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა” გამარჯვებული პროექტია და არის ინოვაციური წარმოდგენა თხრობის განსხვავებული, არავერბალური ფორმით.
„ეს არის სპექტაკლი, რომელიც ვფიქრობ, ყველამ უნდა ნახოს, განსაკუთრებით – სკოლის მოსწავლეებმა. მინდა, კვლავ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ კულტურის სამინისტრომ გააგრძელოს ამგვარი დადგმების ხელშეწყობა, ვინაიდან პატრიოტული თემატიკა ოკუპირებულ ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი და ვისურვებდი (და ჩვენ ამისთვის მზად ვართ), რომ ამ სპექტაკლს უმასპინძლონ დედაქალაქის და სხვადასხვა რეგიონების თეატრებმა. ვულოცავ სპექტაკლის რეჟისორს, ბატონ ნიკა საბაშვილს, მადლობას ვუხდი ოზურგეთის თეატრსა და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, მადლობას ვუხდი თითოეულ მსახიობს, რომელიც მიუხედავად ბევრი პრობლემისა (რომელსაც ერთად ვეჭიდებით) თავდაუზოგავად შრომობს და ასეთ მნიშვნელოვან შემოქმედებით პროდუქტს სთავაზობს მაყურებელს”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის სიუჟეტი ეყრდნობა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ დოკუმენტურ მასალებს. წარმოდგენაში გაცოცხლებულია პატარა ქალაქი – ოზურგეთი, რომელიც თავს ითავისუფლებს და შიშის ზარს სცემს უზარმაზარ რუსეთის იმპერიას.
სპექტაკლში ხაზგასმულია უბრალო ადამიანის როლი თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პერსონაჟები არიან არა ისტორიულად ცნობილი ფიგურები, არამედ გლეხები, რომლებიც იბრძვიან ადამიანური ღირსებების დასაცავად. სპექტაკლში მონაწილეობს ოზურგეთის თეატრის მთელი დასი. რეჟისორის ასისტენტია ეკა ანთია, წამყვანი – ბონდო ჩხარტიშვილი, ლოტბარები – მამია რუსიძე და ლედი კვაჭანტირაძე.
![]()
კომენტარები
კომენტარი