პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე – სურვილი მქონდა, რომ ეროვნული თანხმობის პროცესზე მისთვისაც ამეხსნა და შევთავაზე, თუმცა მიპასუხა, „მე პოლიტიკაში აღარ ვარო“

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას, ბოლო წელიწად ნახევარია „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია.

როგორც მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, ეროვნული თანხმობის პროცესში ბიძინა ივანიშვილს ჩართვაც კი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

„არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა ბოლო 1.5 წელია. მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე და მიპასუხა, „მე პოლიტიკაში აღარ ვარო“. არც მითქვამს წინასწარ საუბარი რომ ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა. მე მიმაჩნია, რომ ამ პროცესში სრულიად დამოკიდებული ვარ, მაგრამ დამოკიდებული ვარ საზოგადოებაზე. საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი წინ წავა თუ რამდენად წინ წავა. თუნდაც, ის რომ რაღაც დაპირისპირების, დუღილის კოეფიციენტი ცოტა ჩაცხრება და მგონი, ცოტათი მაინც ჩაცხრა, ამისი იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები, პირველ რიგში, ამას მოიტანს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არაა პოლიტიკაში, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის რწმენაზე ვერაფერს იტყვის.

„ჩემი გამოცდილება არის ის, რომ არ მქონია არანაირი ურთიერთობა. იმ დღიდან, როცა ვიყავი არჩეული, რაც მითხრა, რომ მისგან არანაირი მოთხოვნა, მითითება, ინსტრუქცია არ იქნებოდა, ეს შესრულებული იქნა,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები