გივი მიქანაძე: რეზოლუცია ასახავს ჩვენი მხრიდან უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა უმაღლეს დონეზე და სრულ კოორდინაციაშია.

როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებს განუცხადა, დასავლელმა პარტნიორებმა იციან, რომ საქართველო უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის გვერდითაა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტში ცალსახად ასახულია უკრაინისადმი მხარდამჭერი ყველა გზავნილი და თემით ოპოზიცია სპეკულირებს, რადგან, მიქანაძის თქმით, რეზოლუციის პროექტი გამოხატავს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

“რეზოლუცია ასახავს ჩვენი მხრიდან უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას. ტექსტი დაბალანსებულია და მასში ასახულია ყველა გზავნილი, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რაც ეხება ჩვენი მეგობარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ყოველგვარი ესკალაციის დაუშვებლობას, ასევე, მის გადაწყვეტილებას გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფო, რაში ჩარევისა და ზეგავლენის შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. პროექტში ცალსახად არის მითითებული, რომ პარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციისთვის იმ მიზნით, რომ ესკალაცია დეესკალაციისკენ წავიდეს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არანაირი საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები