ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაჩქარებული წესით შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ჩამოყალიბდეს სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაინერგოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მორგებული იქნება როგორც ქვეყნის არსებულ რეალობას, ასევე მიმართული იქნება ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვისკენ. „კანონპროექტის მიზანია, კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და ცალკეული, ტერმინების, რეგულაციების დახვეწა, კოდექსის ნორმების პრაქტიკაში უკეთ აღსრულების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კომიტეტის დასკვნაში ტექნიკური შენიშვნები იქნება ასახული გარდამავალი დებულებების ნაწილთან დაკავშირებით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. სხდომის დასასრულს, მიხეილ სარჯველაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა კოლეგებსა და საქართველოს მოქალაქეებს.

„ეს დღე ბევრ ცივილიზებულ სახელმწიფოში აღინიშნება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა ყველამ თითო ნაბიჯი გადავდგათ ამ მიმართულებით”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები