„სახელმწიფო „კაზანტიპის“ ფესტივალის ორგანიზებაზე თანხებს არ ხარჯავს“
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას განცხადებით „კაზანტიპის“ ფესტივალის ორგანიზატორი სახელმწიფო არ არის და მის ჩატარებაზე არანაირ თანხებს არ ხარჯავს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას განაცხადა. სიგუას განმარტებით, ფესტივალის ფარგლებში სახელმწიფოს ფუნქცია მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
“რაც შეეხება იმას, რომ “კაზანტიპთან” დაკავშირებით წამოვიდა პირადად ჩემზე დარტყმა, მე მზად ვარ, ეს დარტყმა ავიტანო და იმ ჭიქაში გამოწვეულ ქარიშხალს, რომელიც არ ვიცი, საიდან მოვიდა, პასუხი გავცე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. მინდა, ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ სახელმწიფო არ არის ამ ღონისძიების ორგანიზატორი, სახელმწიფო არ ხარჯავს ამაზე ფულს. სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია ამ ღონისძიებაში მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება, რათა ყველანაირი სამართალდარღვევა აღიკვეთოს. აბსოლუტური სისულელეა, თითქოს ვინმე იქ ორგიების ხელის შეწყობას და ნარკოტიკების ნების დართვას აპირებს. სჯობს, გაეცნონ ღონისძიების პროგრამას. აქ ხალხი გარყვნილებისთვის არ ჩამოდის”, – განაცხადა გიორგი სიგუამ.