საქართველო სომხეთს მობილური იუსტიციის სახლების, მიწის სისტემური რეგისტრაციის, PROBBOX-ის რეფორმებს აცნობს

საქართველო სომხეთს მობილური იუსტიციის სახლების, მიწის სისტემური რეგისტრაციის, PROBBOX-ის რეფორმებს აცნობს, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მინისტრ რატი ბრეგაძის სომხეთში ვიზიტი დაიწყო.
“ამ წუთებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომეხ კოლეგას ხვდება. საქართველო მეზობელ ქვეყანას რეფორმების წარმატებულ გამოცდილებას უზიარებს. რატი ბრეგაძე კარენ ანდრესიანს ქართულ ინოვაციებს – მობილური იუსტიციის სახლების, PROBBOX-ის, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმებს აცნობს.

დღესვე, იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები – თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი – ნიკა ცხვარაშვილი მასშტაბურ პრეზენტაციას გამართავენ და უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ სომხურ მხარეს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს გეგმავს. დღის წესრიგშია შეხვედრები სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან. სომხური მხარე იმედოვნებს, რომ წარმატებული ქართული რეფორმების გამოცდილება მათ იუსტიციის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

ქართული დელეგაციის ვიზიტი 28 იანვარს დასრულდება”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები