მოსამართლე გაფრინდაშვილი-Netflix-ის საქმეზე გადაწყვეტილებას მხარეთა მოსმენის გარეშე მიიღებს
“ნონა გაფრინდაშვილი Netflix–ის წინააღმდეგ“ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი მოსმენის გარეშე ჩატარდა.
გაფრინდაშვილის იურისტების, საკონსულტაციო კომპანია BLB-ის ინფორმაციით, მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა მხარეთა მხრიდან საკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო გადაწყვეტილების მიღება მოსმენის გარეშე გადაწყვიტა.
“ნონა გაფრინდაშვილის ქართველი და ამერიკელი იურისტების გუნდი მოუთმენლად ველით მოსამართლის გადაწყვეტილებას საქმის წარმოების გაგრძელების შესახებ. სასამართლოსგან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსი გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე”, – აღნიშნულია BLB-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქმე ეხება Netflix-ის მინისერიალ “ლაზიერის გამბიტს”. სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, იმის შესახებ, რომ გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია. სარჩელში ნათქვამია, რომ “ლაზიერის გამბიტში” აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან.
მანამდე, 7 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელსაც ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო, სერიალ ლაზიერის გამბიტის სცენარისტი და პროდიუსერი, ფრენკ სკოტი გამოიკითხა. სასამართლოს Netflix-მა საკუთარი საპასუხო შუამდგომლობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კომპანია არ მიიჩნევს, რომ ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული მიღწევები და საქმიანი რეპუტაცია დააზიანა.