სერგო რატიანი: 33 ათას სტუდენტს დღეს სტატუსი შეუჩერდა

  სამწუხარო იყო, რომ ჩვენსა და მთავრობას შორის ნორმალური ოპონირების რეჟიმი საერთოდ არ ყოფილა, – ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის სესიაზე გააკეთა. მან განათლების სფეროს პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და ხელისუფლება სტუდენტებისთვის განსაზღვრული გრანტების არასწორად განაწილებაში დაადანაშაულა.
„33 ათას სტუდენტს დღეს სტატუსი შეუჩერდა, ამის შესახებ წერილები განათლების სამინისტროშიც გაიგზავნა. ეს არა მხოლოდ განათლების უწყების პრობლემაა, არამედ საერთო ეკონომიკის ვარდნაზე მიუთითებს. ამ 33 ათასიდან 11 ათასს სტატუსი გადაუხდელობის გამო შეუჩერდა. ეს ფაქტია და თქვენ ამას ვერ გაექცევით და თქვენც რომ გაექცეთ, საზოგადოებამ და სტუდენტებმა კარგად იციან ეს. ასევე დადასტურებულია, რომ 5 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტების გრანტებისთვის ბიუჯეტში იყო ჩადებული, არ გაიხარჯა მათთვის და სხვა მიმართულებით გადავიდა. დიახ, თქვენ ახორციელებთ ამ უფასო ფაკულტეტების პროგრამას, მაგრამ იცით თუ არა, რა არის ამის ეფექტი? თქვენ 10 მილიონი გაწერეთ ამ პროექტისთვის და მხოლოდ 1000 სტუდენტზე გაიხარჯა ეს თანხა. დიახ, ისინი 100%-თ დაფინანსდნენ, მაგრამ რამდენად სამართლიანია ეს, როდესაც თქვენ შეგეძლოთ 8 ათასი სტუდენტი დაგეფინანსებინათ ამ თანხით? და მათ ჰქონოდათ 100, 70 და 50, 30 %-იანი დაფინანსება?“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები