რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. იმუნიზაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის მოსახლეობასთან გამართეს და შეკრებილ საზოგადოებასთან აცრის მნიშვნელობასა და კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიან პროგრამაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ონის მერმა სერგი ხიდეშელმა და ეპიდემიოლოგმა ნონა ბაკურაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
როგორც შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იმუნიზაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია პანდემიის დასამარცხებლად. ამასთან მათ ხაზი გაუსვეს მთავრობის გადაწყვეტილებას ვაქცინაციის წახალისებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ. ყველა მათგანს ვაქცინაციის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება.
შეხვედრის დასასრულს სერგი ხიდეშელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, დაიცვან საკუთარი და გარშემომყოფი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა 21 იანვარს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები