ირაკლი კობახიძე – სააკაშვილზე: თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი
“იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი დაცული იყოს, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას ეხებოდა.
მისივე თქმით, სააკაშვილს მონასტერში ყოფნა ფსიქოლოგიურად გაუჭირდება.
„რაც შეეხება შინაპატიმრობას, აქ საკითხი არის სამართლიანობა. იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები. ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება, ეს არის ჩვენი მიდგომა. კიდევ გავიმეორებ, რომ სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმა სასჯელი და თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობის საკუთარ ეპარქიაში გატარებას სთავაზობს.