საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კომპანიებს თურქეთიდან ლიცენზირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანის საშუალება ექნებათ. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციას გააფართოებს და დადებით სოციალურ ეფექტს მოიტანს.
როგორც თურნავამ განაცხადა, კონკურენცია აქამდე ხელოვნურად იყო შეზღუდული.
„ამ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა – ინფლაციაა. მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლარის კურსი დასტაბილურდა, დადებითი მოლოდინები გვაქვს, მაგრამ, ამავდროულად, დიდი გამოწვევაა მაღალი ინფლაცია, რაც პანდემიამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოიტანა. დავაანონსეთ კიდეც, რომ წლის ბოლომდე ეს ტენდენცია გადატეხილი იქნება. აქ სხვადასხვა ბერკეტი იმუშავებს. მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის კლასიკური მაგალითი, როცა წმინდა ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით, იქნება მიღებული ძალიან დადებითი სოციალური ეფექტი.
კონკურენცია აქამდე ხელოვნურად იყო შეზღუდული. ხელოვნურად შეზღუდულმა კონკურენციამ გამოიწვია ის, რომ თანაბარი ხარისხის, თანაბარი დასახელებისა და თანაბარი ზემოქმედების მედიკამენტი ღირდა სამჯერ და ოთხჯერ უფრო იაფი თურქეთში, ვიდრე საქართველოში, რაც ნონსენსია. ბაზრის გახსნა აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. უნდა მოხდეს მომხმარებლების ინტერესების დაცვა. დაუშვებელია პოლიტიკური ბერკეტების შექმნა და ხელოვნურად ჩაკეტვა. ეს იწვევს სხვადასხვა მახინჯ პრაქტიკას. მაგალითად, ჩვენი მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, გადასულიყვნენ თურქეთში და იქ შეეძინათ მედიკამენტები.
ამ გადაწყვეტილებამ დადებითი მოლოდინები გააჩნია. უახლოეს ხანში კონკურენცია გაფართოვდება და ეს დაარეგულირებს ზოგადად, სხვა ქვეყნიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასებს,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.